ნათია თურნავა: 2020-2021 წლებში ბუნებრივ აირზე სამომხმარებლო ტარიფის გადახედვა არ იგეგმება

“წელს და მომავალ წელს ბუნებრივ აირზე სამომხმარებლო ტარიფის გადახედვა არ იგეგმება და არც მოხდება”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიები საკმაოდ დიდ ზარალს განიცდიან პანდემიის გამო.

„თუმცა, ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია „თბილისი ენერჯისთან“. ტარიფების გაზრდა იანვრის დასაწყისში იგეგმება და ჯერ დრო გვაქვს. ვნახავთ, რისი გაკეთება შეიძლება ერთობლივად და კონსულტაციის შედეგად. ეს კომუნიკაცია გრძელდება და შედეგი ცნობილი გახდება მოსახლეობისთვის. რაც შეეხება ელექტროენერგიის ტარიფებს, აქ სემეკ-ი არის ჩართული პროცესში. ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიები საკმაოდ დიდ ზარალს განიცდიან პანდემიის გამო. მათ შემოსავალი შეუმცირდათ, რადგან ეკონომიკა შემცირდა და, შესაბამისად, მოხმარებაც შემცირდა. სხვა ფაქტორებიც არის, რომელიც მათ ეკონომიკაზე ზემოქმედებს, მათ შორის, ლარის კურსი, რომელიც ასევე პანდემიით არის გამოწვეული. სხვაგვარად ჩვენ მზარდი ექსპორტი გვაქვს და მზარდი ინვესტიციები. აქედან გამომდინარე, დავაცადოთ მარეგულირებელ კომისიას, დათვალოს. მაგრამ ცალსახად მინდა, ვთქვა, რომ, როგორც აქამდე, მომავალშიც მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ თუნდაც ტარიფების რყევები იყოს, ეს არ იგრძნოს განსაკუთრებით სოციალურად დაუცველმა მოსახლეობამ და ზოგადად მოსახლეობამ. მე არ მინდა, ჩავერიო დამოუკიდებელი მარეგულირებლის ფუნქციებში. მეტი კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები