“ოპოზიცია თავს გვჭრიდა რაიონული მასშტაბით, ახლა უკვე თავს გვჭრის მსოფლიო მასშტაბით”, – ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციას უნდოდა, რომ აუცილებლად პირველ სხდომამდე ჩაეშალა მოლაპარაკებები.
„პოზიციიების დაახლოების კუთხით იყო დიდი პროგრესი, თუმცა, ერთი დღით ადრე რადიკალურმა ოპოზიციამ სცადა მაგიდის აყირავება და პირველ სხდომამდე გამოვიდა. მათ უნდოდათ, რომ აუცილებლად პირველ სხდომამდე ჩაეშალათ მოლაპარაკებები. ამას, სამწუხაროდ, მიაღწიეს. თუმცა, ვფიქრობ, რომ რესურსი არსებობს მოლაპარაკებების გაგრძელებისთვის. მათ ელჩებს პირდაპირ მისწერეს, რომ არ უნდოდათ მეორე დღეს მოლაპარაკებებზე მოსვლა. ისინი თავიანთ მოთხოვნას მოლაპარაკებებთან დაკავშირებით აფუძნებდნენ არჩევნების გაყალბების მტკიცებაზე. ამ დროს ჩვენ ბრიფინგზე ვაცხადებთ, რომ, საგამოძიებო კომისიის ფარგლებში, გადათვალონ ნებისმიერი სახით მონაცემები და თუ მინიმალური გადახრაც კი დაფიქსირდება, მაშინვე ვატარებთ რიგგარეშე არჩევნებს, რაც იყო მათი მთავარი მოთხოვნა და რაც გაყალბების მტკიცებას ეფუძნება. ამის მერე კიდევ რომ მაგიდას აყირავებ, ბუნებრივია ეს არის საბაბი და მიკერება. ოპოზიცია თავს გვჭრიდა რაიონული მასშტაბით, ახლა უკვე თავს გვჭრის მსოფლიო მასშტაბით. ეს არის კატასტროფა. როდესაც ასეთი ოპოზიცია ჰყავს ქვეყანას, ეს არის უმძიმესი. როგორ აყენებენ ისინი შეურაცხყოფას ჩვენს მეგობარ ელჩებს, თავს გვჭრიან მსოფლიო მასშტაბით“, – განაცხადა კობახიძემ.