ირაკლი კობახიძე: „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანლისგან მოვითხოვთ, უმოკლეს ვადებში წარმოადგინოს იმ საარჩევნო უბნების (8%-ის) ჩამონათვალი, სადაც, მათი მტკიცებით, ბიულეტენების სიჭარბე გამოვლინდა
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კობახიძე „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელს მიმართავს, უმოკლეს ვადებში წარმოადგინოს ინფორმაცია კიდევ ერთ ხარვეზზე, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ბოდიში მოიხადოს რადიკალური ოპოზიციის რევოლუციური სცენარის ხელშეწყობისთვის.
„სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანლისგან მოვითხოვთ, უმოკლეს ვადებში წარმოადგინოს იმ საარჩევნო უბნების (8%-ის) ჩამონათვალი, სადაც, მათი მტკიცებით, ბიულეტენების სიჭარბე გამოვლინდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ორგანიზაციის ხელმძღვანელმა უნდა აღიაროს კიდევ ერთი უხეში ხარვეზი და ბოდიში მოუხადოს ქართულ საზოგადოებასა და საერთაშორისო პარტნიორებს უხეშად მცდარი ინფორმაციის გავრცელებისა და რადიკალური ოპოზიციის რევოლუციური სცენარის ხელშეწყობისთვის. PVT-ის გადამოწმების მსგავსად, ამ ხარვეზის გადამოწმებასა და შესაბამისი უბნების მონაცემების გამოქვეყნებასაც ზუსტად ერთი დღე ესაჭიროება.
იმედი გვაქვს, წინა შემთხვევისგან განსხვავებით, ამ მონაცემების გასაჯაროებასა და უხეში ხარვეზის აღიარებას ისინი 3-4 კვირას არ მოანდომებენ. ორგანიზაციის დონორებს ვთხოვთ, დაინტერესდნენ „სამართლიანი არჩევნების“ მიერ კიდევ ერთი უხეშად მცდარი ინფორმაციის გავრცელების მიზეზითა და მოტივით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.