შინაგან საქმეთა სამინისტრო ბადრი ესებუას ძმის დაკავებაზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, პოლიციის მიერ ძებნილი პირის, ბადრი ესებუას ძმა – 1982 წელს დაბადებული ბ.ე. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, აღნიშნული დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ვინაიდან არსებობდა ვარაუდი, რომ ბ.ე.-ს მიმალვაში მყოფ ძმასთან ჰქონდა კონტაქტი და მისთვის უნდა გადაეცა სხვადასხვა ნივთები, პოლიციის მიერ მის მიმართ ხორციელდებოდა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება – ვიზუალური კონტროლი. ღონისძიების მიმდინარეობისას ბ.ე.-მ მიმალვა სცადა, რა დროსაც პოლიციამ ის დააკავა.

დაკავებულის კუთვნილი, „ბმვ“-ს მარკის ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 2 ხელყუმბარა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნა, საძილე ტომარა, კვების პროდუქტები და ტანსაცმელი.

ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს,”- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები