მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 69 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 69 მილიონს გადააჭარბა, – ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

კოვიდ 19-ის მსოფლიო სტატისტიკაზე საუბრისას, ყურადღება გამახვილებულია აშშ-ში, გერმანიაში, ნიდერლანდების სამეფოსა და ესპანეთში არსებულ ვითარებაზე.

ნიუ იორკის გუბერნატორი ეთანხმება ენტონი ფაუჩის მოსაზრებას, რომ დახურულ სივრცეში გამართული საშობაო წვეულებები გაართულებს ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასა და ჰოსპიტალიზების მაჩვენებელს, რომელიც ისედაც მაღალია დღეისთვის, კიდევ უფრო გაზრდის, რასაც აშშ-ის სიტემა ვერ გაუძლებს. მისივე თქმით, ამჟამად მნიშვნელოვანია არა თავად ინფიცირების, არამედ – ჰოსპიტალიზების მაჩვენებლის კლება.
აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი, ექიმი ენტონი ფაუჩი აფრთხილებს ამერიკას, რომ ვაქცინის მიმართულებით დამაიმედებელი სიახლეებია, იანვრის შუა რიცხვები იქნება ძალიან რთული, რადგან სწორედ მაშინაა მოსალოდნელი ინფიცირებულთა დრამატული ზრდა, დღესასწაულების შემდგომ პერიოდში.
გერმანიის კანცლერის განცხადებით, ამჟამინდელი კოვიდ რეგულაციებით გერმანია ვერ გაუმკლავდება ზამთრის თვეებში ინფექციის გავრცელებას და მოუწოდებს ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტიის წევრებს, კვლავ გაამკაცრონ რეგულაციები. მისი აზრით, უნდა გამკაცრდეს რეგულაციები იმ რეგიონებში განსაკუთრებით, სადაც მაღალია გავრცელების მაჩვენებელი (მაგ: ბავარია) და არ დაელოდოს ქვეყანა, როდის დასტაბილურდება სიტუაცია.
ნიდერლანდების სამეფოს პრემიერმინისტრმა, მარკ რუტემ მოსახლეობას სიტყვით მიმართა. პრემიერმინისტრის განცხადებით საახალწლოდ ზომების შემსუბუქება არ მოხდება და ამჟამად არსებული „ლოქდაუნი“ ძალაში დარჩება; საახალწლო პერიოდში ნიდერლანდების სამეფოში ბარები, კაფეები და რესტორნები დახურული დარჩება, საშობაო პერიოდში, მოქალაქეებს 3 სტუმარზე მეტის მიღების უფლება არ ექნებათ. პრემიერმინისტრის განცხადებით, თუ მომდევნო კვირების მანძილზე ინფიცირებულთა რიცხვი საგრძნობლად არ შემცირდება, საახალწლოდ ზომების შემდგომი გამკაცრებაა მოსალოდნელი. მან აღნიშნა, რომ 2021 წლის იანვრის შუა რიცხვებისთვის ზომების შემსუბუქებაზე საუბარი შესაძლებელი მხოლოდ მას შემდეგ იქნება, რაც რეანიმაციულ განყოფილებებში ყოველდღიურად განთავსებული პაციენტების რაოდენობა შემცირდება.
8 აგვისტოს, ესპანეთის რეგიონული ლიდერების ნაწილმა საშობაო და საახალწლო რეგულაციების თაობაზე განცხადებები გააკეთეს. ბალეარის კუნძულებზე ეპიდემიოლოგიური ვითარება რთულდება, ბოლო 14 დღის მანძილზე, 100 000 ადამიანზე კორონავირუსით ინფიცირების 260 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან გამომდინარე, რეგიონალური მთავრობის გადაწყვეტილებით, კუნძულებზე 00:00 საათის ნაცვლად ე.წ. კომენდანტის საათი 22:00 საათიდან დაიწყება და 07:00 საათამდე გაგრძელდება; ანდალუსიის რეგიონალურმა მთავრობამ კი მობილობასა და შეკრებებზე შეზღუდვა 12 დეკემბრამდე გადაავადა. ხოლო შობა-ახალი წლის რეგულაციების შესახებ გადაწყვეტილება მოგვიანებით გახდება ცნობილი; ვალენსიის რეგიონის საზღვრები 2021 წლის 15 იანვრამდე ჩაკეტილი დარჩება. გამონაკლისის სახით, ნათესავებისა და ოჯახის წევრების სანახავად მოგზაურობა მხოლოდ 23-25 დეკემბერს, 31 დეკემბერსა და 2021 წლის 1 იანვარს იქნება შესაძლებელი“, – წერს უცხოური მედია.

ასევე, აღნიშნულია, რომ, უკრაინაში, მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობა 2021 წლის თებერვლის ბოლომდე გახანგრძლივდა. უცხოური მედია ყურადღებას ამახვილებს საფრანგეთში, ბელგიაში, თურქეთში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე.

„უკრაინის მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 2021 წლის თებერვლის ბოლომდე გახანგრძლივდა. პანდემიის დაწყებიდან პირველად, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინაში, კორონავირუსისგან 276 პაციენტი გარდაიცვალა. ამავე პერიოდში, ქვეყანაში ინფიცირების 12 585 ახალი შემთხვევა გამოვლინდა;
უფრო მკაცრი შეზღუვები 2021 წლის 8 – 24 იანვრის პერიოდში გამოცხადდება. „ლოქდაუნის“ დროს შემდეგი შეზღუდვები დაწესდება: დაიხურება სასწავლო (საბავშვო ბაღებისა და სპეცცენტრების გარდა) და გასართობი დაწესებულებები, კულტურის ცენტრები, ასევე, ბაზრებიც. აიკრძალება მასობრივი ღონისძიებები. იმუშავებს მხოლოდ პირველადი საჭიროების პროდუქციის მაღაზიები და აფთიაქები. კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისზე იმუშავებენ. სილამაზის სალონებში ვიზიტი მხოლოდ წინასწარი ჩაწერის საფუძველზე იქნება შესაძლებელი.
9 დეკემბერს, საფრანგეთის მთავრობის პრესსპიკერმა, გაბრიელ ატალმა განაცხადა, რომ შესაძლებელია მთავრობამ ზომების შემსუბუქება გადადოს. ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით, მთავრობა დაანონსებული ზომების შემსუბუქების გადაწყვეტილებას გადახედავს და, საჭიროების შემთხვევაში, მკაცრ ზომებს ძალაში დატოვებს.
ბელგიელი ინფექციონისტი, მარკ ვან რანსთი აცხადებს, რომ საშობაო არდადეგები არის დიდი რისკის შემცველი, რადგან ეპიდემიის მესამე ტალღა დამღუპველი იქნება ბელგიისთვის. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ ხალხი აღარ იღებს სერიოზულად პანდემიას.
უელსში ვარაუდობენ, რომ საჭირო გახდება მორიგი ლოქდაუნის გამოცხადება, რადგან მაღალი კოვიდინფიცირებულთა ჰოსპიტალიზების მაჩვენებელი. ჯანდაცვის მინისტრის ამბობს, რომ სიტუაცია „ძალიან საშიშია“ და არსებობს რისკი, რომ 17-დღიანი ე.წ. ლოქდაუნის შემდეგ დასტაბილურებული სიტუაცია შობის პერიოდისთვის გაუარესდება.
კვიპროსის მთავრობის გადაწყვეტილებით, 11 დეკემბრიდან წლის ბოლომდე დაიკეტება რესტორნები და სავაჭრო ცენტრები.
სლოვაკეთის ჯანდაცვის მინისტრმა, მარეკ კრაიჩმა გამოაცხადა, რომ 21 დეკემბრიდან სულ მცირე სამი კვირის ვადით (2021 წლის 10 იანვრამდე) სკოლები და მაღაზიების უმრავლესობა დაიხურება. 11 დეკემბრიდან, რესტორნებს გარე სივრცეში კლიენტების მომსახურების უფლებაც შეეზღუდებათ და მხოლოდ გატანის სერვისი იქნება ხელმისაწვდომი.
პანდემიის დაწყებიდან, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2,5 მილიონს გადააჭარბა. 9 დეკემბერს, რუსეთში COVID-19-ით ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა 26 190 შემთხვევა შეადგინა. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, ვირუსით 559 პაციენტი გარდაიცვალა.
8 დეკემბერს, თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების და გარდაცვალების დღიური ანტირეკორდები განახლდა, შედეგად, ქვეყანაში ინფიცირების 33 198 და გარდაცვალების 211 ფაქტი დაფიქსირდა.
მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 69 მილიონს გადააჭარბა, – შესაბამის მონაცემებს worldometers აქვეყნებს. მონაცემების თანახმად, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ 19-ით ინფიცირების 69 213 894 შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 47 973 091 ადამიანი, 1 574 821 პაციენტი კი გარდაიცვალა.
ამ დროისთვის მსოფლიოში 19 665 982 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. კორონავირუსით დაინფიცირებულების რაოდენობით აშშ ლიდერობს, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს – ბრაზილია, მეოთხეს- რუსეთი, მეხუთეზე კი – საფრანგეთია. კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოცხადდა“, – წერს უცხოური მედია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები