სახალხო დამცველი: პანდემიის პირობებში განსაკუთრებით დამძიმდა ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მდგომარეობა
სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას შეფასებით, პანდემიის პირობებში დამძიმდა იმ ქალების მდგომარეობა, რომელთა შემოსავლის წყაროს არაფორმალური ეკონომიკური საქმიანობა წარმოადგენდა.
მისივე თქმით, განსაკუთრებით დამძიმდა ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მდგომარეობა, რომლებიც მოძალადეებთან ერთ სივრცეში პირისპირ აღმოჩნდნენ.
“2020 წლის მაისის შემდეგ სისტემატური ხასიათი ჰქონდა რადიკალურად განწყობილი ჯგუფების მხრიდან ლგბტ+ თემის წევრებზე თავდასხმის შემთხვევებს, რაც გამოიხატებოდა თბილისი პრაიდის ოფისის საღებავით დაზიანების, კვერცხების სროლის, დროშის მოპარვის, სიტყვიერი შეურაცხყოფისა და მუქარის ფაქტებში. სამართალდამცავი უწყება სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს ძალადობის პრევენციას. მნიშვნელოვანია, რომ თითოეული სამართალდარღვევის ფაქტს სახელმწიფოს მხრიდან ადეკვატური რეაგირება და ეფექტური გამოძიება მოყვეს.
ქალთა მიმართ სექსუალური შევიწროება კვლავ აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს. 2020 წლის განმავლობაში ასეთი ფაქტები გამოვლინდა როგორც დასაქმების ადგილას, ასევე, სამედიცინო მომსახურებისას გაწევისას. ამასთან, უარყოფითი ტენდენციის სახით, აღსანიშნავია სექსისტური გამონათქვამების სიმრავლე პოლიტიკოსებისა და საჯარო პირების მხრიდან.
პანდემიის პირობებში დამძიმდა იმ ქალების მდგომარეობა, რომელთა შემოსავლის წყაროს არაფორმალური ეკონომიკური საქმიანობა წარმოადგენდა. გარდა ამისა, გაიზარდა ქალთა მიერ გაწეული ოჯახზე ზრუნვის აუნაზღაურებელი ტვირთი, რაც უკავშირდება საბავშვო ბაღებისა და სკოლების დახურვასა და გადატვირთულ სამედიცინო სერვისებს.
განსაკუთრებით დამძიმდა ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მდგომარეობა, რომლებიც მოძალადეებთან ერთ სივრცეში პირისპირ აღმოჩნდნენ, რის შედეგადაც გაიზარდა ოჯახში ძალადობის რისკები და ამავდროულად შემცირდა ოჯახში ძალადობის შემთხვევათა გამოვლენის შესაძლებლობა. კვლავ დაბალია ინფორმირებულობის დონე ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის სახელმწიფო სერვისების შესახებ.
2020 წლის 9 თვის განმავლობაში (იანვარი-სექტემბერი) 19 ქალის მკვლელობის ფაქტი დაფიქსირდა, მათ შორის 12 შემთხვევაში ოჯახური დანაშაულის ნიშანი გამოიკვეთა, 7 შემთხვევაში კი – სხვა მოტივი. ამასთან, დაფიქსირდა 23 ქალის მკვლელობის მცდელობის ფაქტი, რომელთაგან 14 შემთხვევა ოჯახური დანაშაულის ნიშნით იყო ჩადენილი.
საქართველოში სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული უფლებების სრულყოფილად განხორციელება კვლავ გამოწვევას წარმოადგენს. აღნიშნული, ერთი მხრივ, უკავშირდება საზოგადოებაში არსებულ დაბალ ცნობიერებას, მეორე მხრივ, სახელმწიფოს მხრიდან სათანადო ღონისძიებების ნაკლებობას. ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება ასევე ადრეულ ასაკში ქორწინების და ნიშნობის პრაქტიკა.
კვლავ დაბალია ეროვნული უმცირესობების მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, განათლების უფლების ეფექტური განხორციელება, არსებულ პროგრამებსა და სერვისებზე ინფორმაციის ფლობა და მათი ჩართულობა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში.
აღსანიშნავია, რომ ახალი კორონავირუსის წინაშე ეთნიკური უმცირესობები განსაკუთრებით მოწყვლად მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. მთავარ პრობლემას მათთვის მისაწვდომი ფორმით კოვიდ-19-თან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენდა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.