ანდრიუს კუბილიუსი: საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციისთვის ისტორიული შესაძლებლობის პერიოდი დგება, ამ შესაძლებლობის ეფექტური გამოყენებისთვის მოქმედი პარლამენტია საჭირო
“საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის ისტორიული შესაძლებლობის პერიოდი დგება. ამ შესაძლებლობების ეფექტური გამოყენებისთვის მოქმედი პარლამენტია საჭირო. ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც მმართველ პარტიას, ასევე – ოპოზიციას”, – ამის შესახებ Facebook-ზე ლიეტუველი ევროპარლამენტარი, ანდრიუს კუბილიუსი წერს.
კუბილიუსის თქმით, საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, შესაძლოა, უახლოეს მომავალში ნატო-მ საქართველოს MAP-ი მიანიჭოს.
„ჩვენი საყვარელი საქართველო ისევ პოლიტიკურ გზაჯვარედინზეა. ცოტა ხნის წინ ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. საერთაშორისო დამკვირვებლებმა განაცხადეს, რომ არჩევნები კონკურენტუნარიანი იყო, თუმცა, დაფიქსირდა გარკვეული ხარვეზებიც. ოპოზიციამ ამ ხარვეზებს “მნიშვნელოვანი” უწოდა და ხელახალი არჩევნების ჩატარება მოითხოვა.
მმართველმა პარტიამ ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი თქვა, რის შემდეგაც ოპოზიცია, რომელსაც 150-მანდატიან პარლამენტში 60 დეპუტატი ეყოლება, საკანონმდებლო ორგანოს მუშაობის ბოიკოტირებით დაიმუქრა. ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებმა მხარეებს ღრმა პოლიტიკური კრიზისის თავიდან არიდების მიზნით დიალოგის დაწყება შესთავაზეს. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ვესაუბრე ქართველ პოლიტიკოსებს როგორც მმართველი პარტიიდან, ასევე – ოპოზიციიდან. ყოველთვის ვამბობ, რომ უმჯობესია სტრატეგიულ საკითხებზე შეთანხმება, ვიდრე – მოლაპარაკებებზე უარის თქმა. სამწუხაროდ, ჩემი ინფორმაციით, საბოლოო კონსენსუსს მხარეებმა მაინც ვერ მიაღწიეს – საარჩევნო სისტემის გაუმჯობესების საკითხზე დიდი პროგრესის მიუხედავად, ხელახალი არჩევნები არ დაინიშნება.
ჩემი აზრით, არ უნდა დაგვავიწყდეს კიდევ ერთი სტრატეგიული არგუმენტი იმის სასარგებლოდ, თუ რატომ უნდა შეთანხმდნენ ქართველი პოლიტიკოსები ეფექტურ საპარლამენტო მუშაობაზე – ახლა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში უმნიშვნელოვანესი პერიოდი დგება. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, შესაძლოა, უახლოეს მომავალში ნატომ საქართველოს MAP-ი მიანიჭოს. თავის მხრივ, „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ მზადაა 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი შეიტანოს. ეს სერიოზული და მნიშვნელოვანი მიზანია, რომელიც მხარეებს შორის კონსენსუსს მოითხოვს. ნატო-სა და ევროკავშირის დღის წესრიგში გაფართოების საკითხი სულ უფრო აქტუალური ხდება. ეს საქართველოსთვის ისტორიული შესაძლებლობის პერიოდია. ამ შესაძლებლობების ეფექტური გამოყენებისთვის მოქმედი პარლამენტია საჭირო. ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც მმართველ პარტიას, ასევე – ოპოზიციას“, – წერს კუბილიუსი.