ალეკო ელისაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ 99% საარჩევნო წესებსა და საარჩევნო კომისიების ფორმირებასთან დაკავშირებით დასტური გვითხრა, ამაზე მეტი რა უნდა თქვან
“99% საარჩევნო წესებსა და საარჩევნო კომისიების ფორმირებასთან დაკავშირებით, რაც მივიტანეთ, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, „ქართულმა ოცნებამ“ ამაზე დასტური გვითხრა”, – ამის შესახებ ალეკო ელისაშვილმა Facebook-ლაივის დროს განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მოწოდების შემდეგ, ოპოზიცია 4 საერთო მოთხოვნაზე შეთანხმდა, რომლებიც, დაპირების მიუხედავად, „ევროპულმა საქართველომ“ გააჟღერა. ესენია: ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლება, რიგგარეშე არჩევნები ან პლებისციტი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წესის შეცვლა და საარჩევნო წესების შეცვლა.
„99% საარჩევნო წესებსა და საარჩევნო კომისიების ფორმირებასთან დაკავშირებით, რაც მივიტანეთ, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, „ქართულმა ოცნებამ“ ამაზე დასტური გვითხრა. ჩვენი შეხვედრების, 5-6 საათი იქ რომ ვიყავით, ძირითადი დრო მიდიოდა ამ საკითხებზე, მართლა ჯოკერს კი არ ვთამაშობდით ან წრეში ბურთს.
ჩვენ ვუთხარით, რომ ცესკო-ს მონაცემებით ვერ გადავთვლით იმიტომ, რომ იქ სუს-მა გადაწერა, გადახატა და გადააფერადა ის ყველაფერი. კი ბატონოო, არ ენდობით, ნუ ენდობითო. რასაც ენდობით, ის მოგვიტანეთო. ამაზე მეტი რა უნდა თქვან? აი, გულზე ხელი დავიდოთ, რა“, – ამბობს ელისაშვილი.
„ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი გადაიდო.