„რამდენიმე თვის წინ ევროპელი გამომძიებელი ჟურნალისტები დამიკავშირდნენ, მათ ჰქონდათ ეჭვი, რომ გაბუნიას საქმეში შესაძლოა, სააკაშვილი ან რულოვსი ყოფილიყვნენ გარეულები“

“რამდენიმე თვის წინ ევროპის ერთერთი საგამოძიებო ბიუროდან; გამომძიებელი ჟურნალისტები დამიკავშირდნენ, რომლებიც დაინტერესებულები იყვნენ გიორგი გაბუნიას მკვლელობის მომზადების საქმით, მათ ჰქონდათ ეჭვი, რომ შესაძლოა, ამაში რაღაც კუთხით მიხეილ სააკაშვილი ან სანდრა რულოვსი ყოფილიყვნენ გარეულები”, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ნიკოლოზ მეტრეველმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მეტრეველი „დოიჩე ველეს“ რუსულენოვანი სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე გამოძიება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მეუღლის, სანდრა რულოვსის დაკითხვას ითხოვს.

„როგორც მოგეხენებათ, გუშინ „დოიჩე ველემ“ გაავრცელა ძალიან საინტერესო ინფორმაცია ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით. სანდრა რულოვსია დაბარებული დასაკითხად. რატომ ვეხები ამ საკითხს: რამდენიმე თვის წინ დამიკავშირდნენ გამომძიებელი ჟურნალისტები ევროპის ერთერთი, ძალიან ცნობილი საგამოძიებო ბიუროდან, რომლებიც ჯერ კიდევ მაშინ იყვნენ დაინტერესებულები გიორგი გაბუნიას მკვლელობის მომზადების საქმით და ჰქონდათ ეჭვი, რომ შესაძლოა, რაღაც კუთხით სააკაშვილი ან სანდრა რულოვსი ყოფილიყვნენ ამაში გარეულები, არ არის გამორიცხული – მალხაზ მაჩალიკაშვილიც ყოფილიყო ამ საქმეში გარეული. ჯერჯერობით, რა თქმა უნდა, რთულია დეტალებზე საუბარი, თუმცა, მიმდინარეობს სერიოზული გამოძიება და დაველოდოთ ამ გამოძიების შედეგებს“, – განაცხადა მეტრეველმა.

ცნობისთვის, „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, გამომძიებლებმა რულოვსს ოფიციალურად მიმართეს და მას ჩვენების მისაცემად ბერლინში ჩასვლა სთხოვეს. მათივე ცნობით, საუბარია იმაზე, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მეუღლე ხანგოშვილის მკვლელობის დღეს ბერლინში იმყოფებოდა და მოკლული მასთან შეხვედრას აპირებდა. „დოიჩე ველეს“ თანახმად, გამომძიებლებმა სანდრა რულოვსი ტელეფონით უკვე გამოკითხეს.

საქართველოს მოქალაქე, ზელიმხან ხანგოშვილი 2019 წლის აგვისტოში ბერლინში მოკლეს. გერმანიის პროკურატურამ ხანგოშვილის მკვლელობის შეკვეთასა და ორგანიზებაში რუსეთს დასდო ბრალი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები