ალეკო ელისაშვილი: ერთ პატარა სახლში ვცხოვრობ, წლებია, კრედიტს ვიხდი და არცერთ თეთრს არავისგან არ ავიღებ

“ერთ პატარა სახლში ვცხოვრობ, წლებია, კრედიტს ვიხდი და არცერთ თეთრს არავისგან არ ავიღებ”, – ამის შესახებ Facebook-ჩართვისას პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ელისაშვილი იმედოვნებს, რომ დიალოგიდან ისეთი შეთანხმება მიიღწევა, როგორიც ქვეყანას სჭირდება.

„თუ გვინდა, რომ ქვეყანამ ამოისუნთქოს, არჩევნებით უნდა ვცვლიდეთ ხელისუფლებას, ოღონდ ეს მექანიზმები უნდა გვქონდეს ხელის გულზე. პარლამენტში შესვლა სამშობლოს ღალატის ტოლფასად აქციეს, გეგონება, იქ შესვლით საქართველოს უნდა ვუღალატო. ტყუილად არ შევალ პარლამენტში, მაგრამ კონკრეტული შედეგი უნდა მივიღოთ დიალოგის ფარგლებში. შარშან ვიბრძოლეთ და გამოვგლიჯეთ ხელისუფლებას საარჩევნო სისტემა, წელს ვიბრძვით და საარჩევნო სანდო სისტემა უნდა გამოვგლიჯოთ. თუ ეს ყველაფერი ხელში მექნება, კი ბატონო, შევალ პარლამენტში, ოღონდ მე უნდა ვიყო დარწმუნებული, რომ შესრულდება ის, რასაც ვაკეთებ. არანაირი ფული, არანაირი მამაძაღლობა ამის უკან არ დგას და ვერ იდგება. პოლიტიკაში მეც და ჩემი გუნდიც იმისთვის მივდივართ, რომ სუფთა ჰაერი, პატიოსნება და ქვეყნის სამსახური შევიტანოთ ამ პროცესში. გუშინ ათასი ჭორი გაავრცელეს, რომ ფული ავიღე, მაგრამ ჩვენ გადაწყვეტილებას მივიღებთ ამ ქვეყნის სიყვარულით, არცერთი თეთრი და ლარი ამის მიღმა არ იდგება. მთავარია, მე მჯეროდეს იმის, რასაც ვაკეთებ. მე მჯერა, რომ იმ დიალოგიდან მე გამოვალ ისეთი საარჩევნო წესებით, რითაც საქართველო ამოისუნთქებს. ნუ ნერვიულობთ, არასოდეს ფულზე არ გავიყიდები. ერთ პატარა სახლში ვცხოვრობ, წლებია, კრედიტს ვიხდი და არცერთ თეთრს არავისგან არ ავიღებ. ძირითადად, რაც ამ შეხვედრებზე მაინტესებს, არჩევნებს ჰქონდეს შინაარსი, ცესკო იყოს სანდო სტრუქტურა და არჩევნები იყოს სახალხო დღესასწაული. მოდაში შემოიტანეს რატომღაც აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩების კრიტიკა, მაგრამ მე მათ გულითად მადლობას ვუხდი. ასეთი მონდომებული, საქართველოზე ასეთი შეყვარებული ხალხი არ მინახავს, ქართველ პოლიტიკოსთა 99%-ში ვერ ნახავთ ამას. მოკლედ, ნუ გამოვიყვანთ ისე, რომ პარლამენტში შესვლა არის ქვეყნის დაქცევა. სამი თვე ქუჩა-ქუჩა და სოფელ-სოფელ დავდიოდი, რათა პარლამენტში შევსულიყავი და ქვეყანას ვემსახურო. უნდა გვჯეროდეს, რომ დიალოგიდან გამოვალთ ისეთი შეთანხმებით, რომელიც საქართველოს მომავლისთვის იქნება მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ელისაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები