“ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენი ოპონენტების მხრიდან გამოითქმის აუგი სიტყვები ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისა და ელჩების საწინააღმდეგოდ”, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ წევრი, მიხეილ სარჯველაძე „ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგი კაპანაძის განცხადებას იმის თაობაზე, რომ მარაზმია, როდესაც საზოგადოებას ვერ ეუბნებიან მოლაპარაკებების დეტალებს.
სარჯველაძის თქმით, ასეთი საუბარი გამართლებული არ არის არც პოლიტიკური, არც მორალური და არც – ეთიკური თვალსაზრისით.
„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენი ოპონენტების მხრიდან გამოითქმის აუგი სიტყვები ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისა და ელჩების საწინააღმდეგოდ. ეს არ არის კარგი და არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება ამის დაშვება, რომ ეს იყოს პასუხი ქართული საზოგადოების მხრიდან ელჩების მიმართ, რომლებიც მუხლჩაუხრელად შრომობდნენ, რათა ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთო გადაწყვეტილებები იყოს მიღებული. ეს, რა თქმა უნდა, არც ერთ შემთხვევაში გამართლებული არ არის არც პოლიტიკური, არც მორალური და არც ეთიკური თვალსაზრისით“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.