ნოქალაქევის საკონსერვაციო-ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება

ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის სარეაბილიტაციო და ინფრასტრუქტურული მოწყობის სამუშაოები გრძელდება, რომლის დასრულებაც 2021 წელსაა დაგეგმილი.
„გასული 4 წლის განმავლობაში ეროვნული სააგენტოს დაკვეთით წარმართულმა სარეაბილიტაციო და საკონსერვაციო ეტაპებმა ნოქალაქევის ქვედა ნაქალაქარის ყველა აქრქიტექტურული სეგმენტი მოიცვა, რაც საიდუმლო გვირაბის, ეიფელის კონსტრუქციის რკინის ხიდის, საფორტიფიკაციო ნაგებობების, სასახლეების, სამეფო აბანოებისა და უნიკალური წყალსაცავის სრულ კონსერვაციას ითვალისწინებდა. კომპლექსზე დასრულდა ორმოც მოწამეთა სახელობის ტაძრის კედლის მხატვრობისა და ფასადის საკონსერვაციო სამუშაოები, რომელიც სამხატვრო აკადემიის მხატვარ-რესტავრატორთა ჯგუფმა განახორციელა.
ტაძრის სახურავი საქართველოში სპეციალური წესით დამზადებული კრამიტით შეიცვალა, რომლის ავთენტური ფორმის განსაზღვრაც არქეულოგიური გათხრებისას გამოვლენილი უძველესი კრამიტის შედეგად გახდა შესაძლებელი. თანამედროვე კონსტრუქციული ჩანართებით აღდგა კომპლექსის ისტორიული მარანი, რომელიც ახლო მომავლიდან საგანმანათლებლო-შემეცნებით სივრცედ ჩამოყალიბდება.
დაიწყო ნაქალაქარის ფერდობისა და ციტადელის სარეაბილიტაციო სამუშაოები, სადაც გაწმენდითი და არქეოლოგიური შესწავლის პროცესის შემდეგ, კონსერვირდა არქიტექტურული ფრაგმენტები. უკვე დასრულდა ნაქალაქარის მთავარი გალავნისა და ციტადელის შემაერთებელი საფეხმავლო ბილიკის კეთილმოწყობის სამუშაოები. დასრულების ფაზაშია ქვედა ნაქალაქარის ინფრასტრუქტურული პროექტი. მოეწყო სავალი ბილიკები, საპირფარეშოები, წყალმომარაგების, განათებისა და ხანძარსაწინაარმდეგო სისტემები. არქიტექტურული კომპლექსი აღიჭურვა საინფორმაციო ბანერებით. კეთილმოეწყო ავტოსაპარკინგე სივრცე. ნაქალაქარის არეალებზე დამონტაჟდა მხატვრული განათების სისტემა, რომლითაც ფასადები ეფექტურად წარმოჩინდა. ისტორიული კონტექსტის რეკონსტრუქციისთვის ნაქალაქარის ტერიტორიაზე განთავსდა ანტიკური პერიოდის მეომართა ლითონის ბადისაგან დამზადებული საიმიტაციო ფიგურები და ხის კონსტრუქციის საბრძოლო მანქანები, რომლებიც უკვე იქცა ტურისტულ ატრაქციად. 2016 წელს დაწყებულ კომპლექსურ სამუშაოებს სრულად აფინანსებს საქართველოს მთავრობა. მუზეუმ-ნაკრძალის რეაბილიტაციისთვის სააგენტოს პროგრამული ბიუჯეტიდან ჯამში 14 მილიონ ლარზე მეტი თანხაა გათვალისწინებული“, – აღნიშნულია კულტურული მემკვდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორია ძვ.წ. VIII-VII საუკუნეების კოლხეთის სამეფოს ერთ-ერთ ცენტრს წარმოადგენდა. ძვ.წ. IV-III საუკუნეებში მასზე განტავსებული იყო ერისთავ ქუჯის რეზიდენცია. IV-VIII საუკუნეებში კი ნოქალაქევი ეგრისის (დასავლეთ საქართველოს) სამეფოს დედაქალაქ ,,ციხეგოჯს”, „არქეოპოლისს” წარმოადგენდა. ეგრისის სამეფო რეზიდენცია განლაგებული იყო 20 ჰექტარზე და სამი ნაწილისგან შედგებოდა: ქალაქი გარშემორტყმული იყო IV, V და VI საუკუნეებში აგებული სამი მტკიცე კედლით. სხვადასხვა დროს წარმოებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად, ნოქალაქევის ტერიტორიზე აღმოჩენილია გალავან-სამზღუდი,
ანტიკური ხანის ციტადელის ეგრისის მეფეთა სასახლეების ნაშთები (IV-VI სს.), სამეფო და სამოქალაქო აბანოები, წყალსაცავი (IV-VI სს.), მდინარეზე გამავალი საიდუმლო გვირაბი, IV-VI საუკუნეთა ეკლესიების არქეოლოგიურად გამოვლენილი ნაშთები, XVI-XVIII სს. მხატვრობით შემკული ,,ორმოც მოწამეთა” გუმბათიანი ტაძრი (VI ს.).
ნოქალაქევის არქიტექტურული კომპლექსის საკონსერვაციო -ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ააიპ „საქართველოს მემკვიდრეობა“ ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები