გიორგი ბერეჟიანი: ნუთუ, ეს ქვეყანა ნორმალურ ოპოზიციას არ იმსახურებს?

პოზიცია და ოპოზიცია მოლაპარაკების მესამე რაუნდს აანონსებს, რომელმაც მომდევნო 4 წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის შემადგენლობა უნდა განსაზღვროს. პოლიტპატიმრები და არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილი ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიას, ,,ნაციონალურ მოძრაობას“ დღემდე დანაშაულებრივ ძალად მიიჩნევს და მათ მიერ ჩადენილი სისხლის სამართლებრივი დანაშაულების გამოძიებას ითხოვს.

,,კვირა“ არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სახალხო კონტროლის“ თავმჯდომარეს, პოლიტპატიმარს, ბლოგერ გიორგი ბერეჟიანს დაუკავშირდა:

-კომუნისტების შემდეგ საქართველოში ყველა არჩევნების ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. თქვენ აკვირდებოდით 2020 წლის საარჩევნო პროცესს. როგორ ფიქრობთ, მნიშვნელოვნად გაყალბდა არჩევნები?

-2012 წლამდე არცერთ არჩევნებში, როგორც ამომრჩეველს, მონაწილობა არ მიმიღია. არც 1991 წელს ზვიად გამსახურდიასთვის მიმიცია ხმა, არც – 2003 წელს სააკაშვილისთვის. 7 ნოემბრის აქციაზე დამიჭირეს და პირობითი სასჯელი მომისაჯეს. 2008 წელს, დიდი რეპრესიების დროს ძველი სასჯელი გამიცოცხლეს. სახლში მოსულს პატრულის მანქანა დამახვედრეს, მტაცეს ხელი და წამიყვანეს. 6 თვე გლდანის ჯოჯოხეთში გავატარე. ამ 6 თვეში კი სააკაშვილის რეჟიმმა დამაინვალიდა.

-გლდანის ციხეში მოხდა ეს ამბავი?

-დღეს მთელმა სამყარომ იცის, რა ჯოჯოხეთიც ტრიალებდა გლდანში. პატიმრების აბსოლუტურად უმიზეზო ცემა შედარებით მსუბუქ სასჯელად გვეჩვენებოდა… მოდიოდნენ მთვრალი ბადრაგები და პატიმრებს ისე აწამებდნენ, როგორც – ,,გაეხარდებოდათ.“ ,, დ“ კორპუსის მე-2 სართულზე 6 პატიმარი ვისხედით. ბახუსმოკიდებული, ციხის თანამშრომლები ,,ხასიათზე მოდიოდნენ“ და შემდეგ ჩვენს საკნებს აკითხავდნენ. ერთი ღამეა და კარების რკინის საკეტების ჩხარუნმა გაგვაღვიძა. ამ ხმაზე ყველა პატიმარი შოკში ვარდებოდა, ვიცოდით – მერე რაც გველოდა. ფანჯარასთან რომელი იდექითო, განგვიცხადეს. რა დროს ფანჯარასთან დგომა იყო, გვეძინა ყველას, მაგრამ მივხვდით, ჩვენ საცემრად ახალ მიზეზს ეძებდნენ. საკანში ყველაზე უფროსი ვიყავი და პასუხი მე უნდა გამეცა. ვუპასუხე – გვეძინა-მეთქი. როგორ, აბა, მე ვიტყუებოდიო, განმიცხადა ციხის თანამშრომელმა და მოაყოლა სართულებიანი გინება. დაიწყო 6-ვე პატიმრის უმოწყალო ცემა, განსაკუთრებით კი – ჩემი, რადგან შეპასუხება გავბედე. გამიგდეს წიხლქვეშ… აფხაზეთის ომში მარჯვენა ფეხში დაჭრილი ვიყავი და ძალიან მაწუხებდა. პატიმრები ეხვეწებოდნენ, ფეხში ნუ ურტყამთ, ძალიან სტკივაო. ამის გაგონებაზე სწორედ მარჯვენა ფეხში დამაყარეს წიხლები, მერე საწოლის რკინაზე მიმაჯახეს და ძველი ნაჭრილობევი გადამეხსნა. ღია ჭრილობა იყო, სისხლიანი დავდიოდი, არც ბამბა მომცეს, არც – ბინტი, რომ სისხლი შემეჩერებინა. ამასობაში ჩემმა სახაზინო ადვოკატმა მომაკითხა. მათ ყველა ვიზიტს კამერებით იღებდნენ. მკითხა, რატომ არ ვიხვევდი ჭრილობას. ვუპასუხე, რომ ადმინისტრაციას არ ჰქონდა ბინტი და ბამბა, ყოველ შემთვევაში, მე ასე მეუბნებოდნენ. ადვოკატმა წერილით მიმართა გლდანის ციხის ადმინისტრაციას, მიეცა უფლება – ბინტი და ბამბა შემოეტანა ჩემთვის. მეორე დღეს ბადრაგმა მომაკითხა და აბანოში წამიყვანეს. იქ ერთი ახალგაზრდა ბიჭი შემოვიდა, ციხის მთავარ ექიმად გამეცნო და მითხრა: შენ, ბიჭო, ბოზი ყოფილხარ, ადმინისტრაციასთან მიჩივლე და ჩამიშვი, ბინტს მოგცემ კი არა, მაგ ფეხს საერთოდაც მოსაჭრელს გაგიხდიო. გამიგდეს კიდევ წიხლქვეშ და გონების დაკარგვამდე მცემეს. ციხიდან გამოსვლის შემდეგ დიდხანს ვეძებე ის არაკაცი, მაგრამ კვალსაც ვერ მივაგენი…

– ასეთი მძიმე ტრავმით საავადმყოფოში რატომ არ გადაგიყვანეს?

-ეგ ძალიან ძნელი ,,ჩასაწყობი“ იყო. ზონის  ,,მაყურებელმა“ სანიტარულ ოთაში გადაყვანა მომიხერხა. მალე ქსანში გამამწესეს, სადაც უკვე განგრენა დამეწყო…

-სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლები დღემდე ამტკიცებენ, რომ , ,,ქურდები“ და ,,მაყურებლები“ მთლიანად გააქრეს ქართული რეალობიდან?

-,,ნაცების“ აქციაზე მივედი, გავრილოვის ჩამოსვლას რომ აპროტესტებდნენ რუსთაველზე, იქ. ვკითხე ,,ნაცების” ლიდერებს: თქვენს დროს ,,მაყურებლები“ და ქურდები ქვეყანაში არ ,,გულაობდნენ“, რას ჩმახავთ-მეთქი? როგორ, კაცო, ჩვენ არაფერი გაგვიგია მაგის თაობაზეო… ისე უტიფრად მიმტკიცებდნენ, კინაღამ გული გამისკდა.

-რომელი ლიდერებს ესაუბრეთ?

-ერთად იდგნენ ოთო კახიძე, ბობოხიძე, სანდრა, ოქრუაშვილი… ხალხიც იქ იყო, უბრალო მომიტინგეები.

-მიტინგზე რატომ მიხვედით, გავრილოვის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდომას აპროტესტებით?

-მინდოდა, ერთად შეკრებილი ლიდერები მენახა და ეს მოვახერხე კიდეც.

-რატომ?

-ვთხოვე, თუ საქართველო ოდნავ მაინც გიყვართ, გააუქმეთ ეს თქვენი პარტია, ერთი სეზონი მაინც დაისვენეთ, არ მისცემს საქართველოში მწამებლების პარტიას ხალხი ხმას, ისევ ხელისუფლებას შემოხაზავენ-მეთქი. აქ ვარ ცოცხალი მაგალითი. დიდი სიმპათია დღევანელი ხელისუფლების მიმართაც არ მაქვს, არც სალომე ზურაბიშვილი მომწონს მაინცდამაინც, მაგრამ არჩევანი რომ დამიდგა ,,ნაცებსა“ და ,,ქოცებს“ შორის, გავიქეცი და ისევ სალომეს მივეცი ხმა.

-რა გიპასუხეს?

-უარი მითრეს, ჩვენ თუ არა, მაშინ ვინო? დაე, ჩვენთან ერთად დაიღუპოს საქართველოცო!

-31 ოქტომბერს ხმა ვის მიეცით?

-,,ქართულ ოცნებას“. უკვე გითხარით, რომ კომუნისტების მერე არჩევნებში მხოლოდ 2012 წელს მივიღე მონაწილეობა, რადგან დავიჯერე, რომ ბიძინა ივანიშვილი იყო ის ერთადერთი კაცი, რომელიც სამშობლოს არ უღალატებდა, 8 მილიარდის მფლობელი, რომელსაც ამდენი სიკეთე ჰქონდა გაკეთებული საკუთარი ქვეყნისთვის, სამშობლოს ინტერესებს ფულზე არ გაყიდდა. თუმცა, მას შემდეგ ,,ქართული ოცნების“ ხელიუფლებამაც ბევრი სისულელე ჩაიდინა, ეკონომიკასა და სასამართლო რეფორმას ვგულისხმობ. ამ სფეროებში, სამწუხაროდ, რეფორმები საერთოდ არ განხორციელებულა. ქვეყანაში, რომელშიც სასამართლო ხელისუფლებას 90% ადამინებისა არ ენდობა, ის სასამართლო არ არის. დღეს მოქმედ მოსამართლეების უმრავლესობას გლდანის ჯოჯოხეთში ჰყავს გაშვებული უამრავი უდანაშაულო ადამიანი, რომელთა უმრავლესობამ არც კი იცოდა, რისთვის იხდიდა სასჯელს. ვინმეს ჯერა, რომ ასეთი მოსამართლეები ,,გამოსწორდნენ?“ ეს სიტყვა სადმე კანონში წერია? დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივნიშვილმა მათი ბიოგრაფიები არ იცის და არც ის იცის, ვინ სად დაინიშნა, რადგან ყველა ამ ნიუანსს უბრალოდ ვერ შეისწავლის…

-მიუხედავად იმისა, რომ წინა ხელისუფლების კისერზე ამდენი დანაშაულია, მათ მაინც ჰყავთ მუდმივი ამომრჩეველი…

-,,ნაციონალურ მოძრაობას“ მუდმივად მხარს უჭერს 500 000 ამომრჩეველი. არადა, მე და ჩემნაირები ,,ვიხვეწებოდით“ ,,ნაცებისდროინდელი“ ოკუპაციის მუზეუმის შექმნას საქართველოში! როგორ შეიძლებოდა, ხელისფლებას არ გამოეძიებინა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ერთკვირიანი ომის საქმე, სადაც გამოჩნდებოდა პრეზიდენტის აშკარა ღალატი საკუთარი ქვეყნისა და ხალხისა, რაზეც დღეს აღარავინ საუბრობს. კასრების საქმე? 26 000 ფირი შექმნა მეგის ქარდავას სამსახურმა, სამხედრო პოლიციამ, რაზეც პირადად სააკაშვილის ხელმოწერით გადაირიცხა და დაიხარჯა 120 მილიონი ლარი. მხოლოდ ეს საქმე რომ გამოეძიებინათ, იქ მოკვდებოდა სააკაშვილის ,,ავტორიტეტი.“ სანამ ,,ნაციონალური მოძრაობა“ არ აიკრძალება, ქვეყანა არ დაწყნარდება. ვერ ხედავთ, რამდენჯერ სცადეს დესტაბილიზაცია გინდა თბილისში და გინდა  – ბათუმში? რამდენჯერ მოუწოდეს ელექტორატს შეიარაღებული აჯანყებისა და დაუმორჩილებლობისკენ?

-დღემდე ოპოზიციას გადაწყვეტილი არ აქვს პარლამენტში შესვლა და არჩევნების მე-3 რაუნდს ელოდება.

-ჩვენ, ქართველბმა კი ვიცით, რომ არანაირი ოპოზიცია ,,ნაციონალური მოძრაობა“ არ არის, დამნაშავეთა პარტიაა, მაგრამ საქართველოს მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი, სამწუხარდ, გულგრილად ადევნებს თვალს მოვლენებს. სამწუხაროა ისიც, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოებს ვერ ავუხსენით, რა დანაშაულებრივი ხელისუფლება მართავდა ქვეყანას 9 წლის განმავლობაში. ნუთუ, ეს ქვეყანა ნორმალურ ოპოზიციას არ იმსახურებს

ია დანელია

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები