დავით ზალკალიანი ეუთოს მინისტრთა საბჭოს 27-ე შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა, სადაც განსაკუთრებული ყურადღება საქართველო-რუსეთის კონფლიქტზე გაამახვილა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სიტყვით გამოვიდა ეუთოს მინისტრთა საბჭოს რიგით 27-ე შეხვედრაზე, რომელიც მიმდინარე წლის 3-4 დეკემბერს, ონლაინ ფორმატში იმართება.

მინისტერილიაზე სიტყვით გამოსვლისას, დავით ზალკალიანმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველო-რუსეთის კონფლიქტზე, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით არსებულ რთულ ვითარებაზე და ეუთოს რეგიონში არსებული გამოწვევების დასაძლევად ეუთოს ეფექტიანობის გაზრდის მნიშვნელობაზე.

„გლობალური პანდემიის დროს, ჩვენ ვხედავთ, რომ ეუთოს ტერიტორიაზე არსებულმა კონფლიქტებმა მოწყვლადი საზოგადოებები განსაკუთრებით რთულ პირობებში ჩააყენა. სამწუხაროდ, ჩვენ კვლავ ვხედავთ ჰელსინკის დასკვნით აქტსა და პარიზის ქარტიაში წარმოდგენილი პრინციპების უხეშ დარღვევას. საგანგაშოა, რომ ეუთოს ერთ-ერთი წევრი სახელმწიფო – რუსეთის ფედერაცია – კვლავ განაგრძობს დესტრუქციულ და აგრესიულ ქმედებებს საქართველოსა და უკრაინაში,“ – განაცხადა მინისტრმა.

ზალკალიანმა შეხვედრის მონაწილეების ყურადღება კიდევ ერთხელ გაამახვილა რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე უკანონო სამხედრო ქმედებებზე, ასევე ოკუპაციის შედეგად წარმოქმნილი უსაფრთხოების, ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებების სფეროში არსებულ რთულ გამოწვევებზე; ხაზი გაუსვა, რომ ოკუპირებული რეგიონების მაცხოვრებლები, ფაქტობრივად იქცნენ ამ უკანონო პოლიტიკის მძევლებად; კვლავ გრძელდება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ხელოვნური ბარიერების აღმართვა, უკანონო დაკავებები და სიცოცხლის ხელყოფის ფაქტები. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მინისტრმა ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმებისა და დამკვირვებელთა მექანიზმების არსებობის მნიშვნელობას.

„რამდენიმე დღის წინ, რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონს შორის, ე.წ. ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების შესახებ პროგრამის მიღება კიდევ ერთხელ წარმოაჩენს რუსეთის მცდელობებს, მოახდინოს საქართველოს განუყოფელი რეგიონების მის სამხედრო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სისტემებში სრულად გაერთიანება,“ – განაცხადა მინისტრმა.

ზალკალიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო არ იშურებს ძალისხმევას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზაზე პროგრესის მისაღწევად და მუდმივად აწარმოებს შერიგების და ნდობის აღდგენის პოლიტიკას. ამასთან, აღინიშნა, რომ საქართველომ სრულად შეასრულა ევროკავშირის შუამავლობით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და მრავალჯერ დაადასტურა ძალის არგამოყენების ვალდებულება. ხაზი გაესვა, რომ საქართველო აღნიშნულთან დაკავშირებით, კვლავ ითხოვს რუსეთის მხრიდან საპასუხო ვალდებულების აღებას.

„კონფლიქტის გრძელვადიანი მოგვარების საფუძველი, რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულებაში მდგომარეობს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს ადამიანის უფლებების დარღვევები და დაუშვას ადამიანის უფლებათა დაცვისა და საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმები ორივე რეგიონში, გაიყვანოს სამხედრო ძალები რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონებიდან და დაიცვას საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმები და პრინციპები“, – განაცხადა ზალკალიანმა.

საკუთარ გამოსვლაში მინისტრმა ყურადღება გაამახვილა რუსეთის ფედერაციის მხრიდან გააქტიურებულ, როგორც ჰიბრიდულ ომზე, დეზინფორმაციისა და პროპაგანდის ფართომასშტაბიან კამპანიაზე, ისე გახშირებულ კიბერთავდასხმებზე საქართველოს მთავრობის, სასამართლო სისტემის, მედიისა და კერძო სექტორის წინააღმდეგ. ხაზი გაესვა COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტის – რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის დისკრედიტირების მიზნით, მის წინააღმდეგ რუსეთის მიერ მიმდინარე მიზანმიმართულ დეზინფორმაციულ კამპანიას.

გასმოსვლის დასასრულს, საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ყველა არსებული სირთულის მიუხედავად, საქართველო დემოკრატიული ტრანსფორმაციის გზაზე მტკიცედ დგას და ერთგულად ახორციელებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას.

„ცოტა ხნის წინ, საქართველოში ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებამ შეაფასა, როგორც კონკურენტუნარიანი, სადაც მთლიანობაში ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო“, – აღნიშნა ზალკალიანმა.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები