„დააწექით მაგრად და მიაღწიეთ აღიარებას“ – საბჭოთა სისტემა კლიმენტი ცომაიას წინააღმდეგ

სოციალურ ქსელში, ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტის კუთვნილ გვერდზე, რომელზეც 1937-1938 წლების მასობრივ რეპრესიათა მონაწილეების შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია ქვეყნდება, ბევრ საინტერესო ამბავს წააყდებით. იმ ადამიანებსაც გაიცნობთ, რომლებიც მთელი ამ საშინელების შემოქმედები თუ უშუალო შემსრულებლები იყვნენ და მათაც, ვინც ყველაფერი თავიანთ თავზე იწვნიეს.


„ამხ. ქობულოვს. ამბობენ, რომ იღებს განცვიფრებულ სახეს მის დაპატიმრებასთან დაკავშირებით. ტოვებს არაკეთილსინდისიერი ადამიანის შთაბეჭდილებას. 03.08.37“ – სერგო გოგლიძე.

ოვიანს (ცომაიას საქმის გამომძიებელი – რედ.) – „დააწექით მაგრად და მიაღწიეთ აღიარებას. 09.08.37“ – ქობულოვი.

კლიმენტი ცომაია დაიბადა სენაკის მაზრის სოფელ კაპანაში (დღევანდელი აბაშის რაიონი). 1911 წელს დაამთავრა ფოთის საქალაქო სასწავლებელი და მუშაობა დაიწყო აბაშის აფთიაქში. 1915 წელს სამუშაოდ გადავიდა თბილისში. ფარმაცევტთა გაფიცვაში მონაწილეობის გამო 1916 წელს დააპატიმრეს და გადაასახლეს როსტოვში.

1919 წელს ჩაირიცხა თბილისის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე. 1920 წელს შევიდა კომუნისტურ პარტიაში. სწავლა დაამთავრა 1924 წელს და მუშაობა დაიწყო შინაგან სნეულებათა კლინიკაში ორდინატორად. 1927-29 წლებში კვალიფიკაციის ასამაღლებლად მუშაობდა ბერლინის, ვენის და ჰამბურგის კლინიკებში.

დაბრუნების შემდეგ დაინიშნა თბილისის №1 საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილედ, მალევე – მთავარ ექიმად. 1932 წელს მიენიჭა დოცენტის ხარისხი. 1934 წელს დაინიშნა საქართველოს ჯანდაცვის სახალხო კომისრის (მინისტრი) მოადგილედ. 1936 წლის 10 იანვარს კლიმენტი ცომაია დაინიშნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის დირექტორად, 1936 წელსვე დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. თბილისში იგი ცხოვრობდა გრიბოედოვის ქუჩის №25 სახლში.

1937 წლის 27 ივლისს კლიმენტი ცომაია დააპატიმრეს. მისი მეუღლის, ქეთევანის გადმოცემების თანახმად:

1937 წლის ივლისის ერთ დილას მათ ბინას მიადგნენ უცნობები. როცა მასპინძელს მიზეზი განუმარტეს, მან მშვიდად გამოთქვა ეჭვი, რომ იგი, ალბათ, ეშლებოდათ მის სეხნიაში. როცა არგუმენტმა არ გაჭრა, კლიმენტიმ მეუღლეს უთხრა „შეცდომას ადგილზე გავარკვევ და ახლავე დავბრუნდები“…

1955 წელს ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის პროკურატურამ ხელახლა შეისწავლა კლიმენტი ცომაიას საქმე. დადგინდა, რომ იგი უარყოფდა ყველა ბრალდებას კონტრრევოლუციურ ორგანიზაციაში მონაწილეობის თაობაზე. შინსახკომის მაღალი თანამდებობის პირმა, დავლიანიძემ 1955 წლის 10 ნოემბრის დაკითხვაზე განმარტა, რომ ტერმინი „დააწექით მაგრად“ ნიშნავდა პატიმრის მიმართ ფიზიკური ძალის გმაოყენებას. გარდა ამისა, დადგინდა, რომ სწორედ დავლიანიძის გაყალბებული იყო ჩვენებები ცომაიას კავშირზე „ნაციონალ-უკლონისტებთან“ და საქმის სხვა მასალები.

1937 წლის 11 აგვისტოს კლიმენტი ცომაიამ ბერიას გაუგზავნა წერილი, სადაც კვლავ არ თვლიდან თავს დამნაშავედ. რა თქმა უნდა, განცხადება ადრესატამდე არ მისულა, იგი შსს არქივში, ცომაიას საგამოძიებო საქმეში ინახება ქობულოვის მკაცრი რეზოლუციით:

„ოვიანო! ცომაიასთან მუშაობთ ცუდად. მომელაპარაკეთ.“

სიტუაცია დაამძიმა 15 აგვისტოს, გაზეთ კომუნისტში გამოქვეყნებულმა სტატიამ, სადაც ეწერა, რომ „…ჯანმრთელობის დაცვის სახალხო კომისარი, ფაშისტთა საზიზღარი შიკრიკი მამალაძე და გარეწარი ცომაია შეეცადნენ ყურადღება არ მიექციათ საქართველოს ბოლშევიკთა ნაცადი ხელმძღვანელის ლ.პ. ბერიას ბრძნული მითითებებისათვის ჯანმრთელობის დაცვის საკითხებზე.”

სავარაუდოდ, წამებამ შედეგი გამოიღო და 17 აგვისტოს ცომაიამ აღიარა კონტტრევოლუციონერობა, თუმცა მის მიმართ „დაწოლა“ სხვა პირების „გამოსავლენად“ აღიარების შემდეგაც გრძელდებოდა. სულ ცომაია 15-ჯერ იყო გაყვანილი დაკითხვაზე, ოქმი კი, მხოლოდ 3 შემთხვევაში შედგა.

1937 წლის 18 სექტემბრის დაკითხვაზე ცომაია ცუდად გახდა. 22 სექტემბერს იგი გადაიყვანეს შინსახკომის საავადმყოფოში. 1955 წელს დაკითხული ექიმის ჩვენებით ირკვევა, რომ ის მიიყვანეს მძიმედ ნაცემი, ძლიერი დისტროფიით, სხეულის 2/3 დაჟეჟილობით, არ შეეძლო დამოუკიდებლად გადაადგილება და პირის გაღება… კანი ფერმკრთალი, ტონები მოყრუებული, პულსი სუსტი ავსების… 25 სექტემბერს კლიმენტი ცომაია გარდაიცვალა.

ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის მთავარი პროკურატურის 1955 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საქმე შეწყდა დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო. ოჯახს კლიმენტი ცომაიას შესახებ არაფერი შეატყობინეს. მეუღლის, ქეთევან ფხაკაძის (ასევე მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი) ყველა მცდელობა, გაეგო მეუღლის ამბავი, უშედეგო აღმოჩნდა.

აღნიშნული კვლევა პირველად გამოქვეყნდა 2004 წელს, ავთანდილ ქურხულის წიგნში “…და რომ გვახსოვდეს”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები