ნატო-ს ექსპერტთა ჯგუფი: ნატო უნდა ისწრაფოდეს პარტნიორობის გაფართოებისკენ უკრაინასა და საქართველოსთან

“ნატო უნდა ისწრაფოდეს პარტნიორობის გაფართოებისა და გაძლიერებისკენ უკრაინასა და საქართველოსთან, როგორც მოწყვლად დემოკრატიებთან, რომლებიც წევრობისკენ მიისწრაფიან და რუსეთის მხრიდან მუდმივ საგარეო და საშინაო ზეწოლას განიცდიან”, – ამის შესახებ ნათქვამია ნატო-ს ექსპერტთა სპეციალური ჯგუფის ანგარიშში, რომელიც ალიანსის 2030-წლმადე მომავალს ეხება.

ანგარიში ნატო-ს ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, – წერს საქართველოს პირველი არხი.

ექსპერტთა მიერ შემუშავებულ დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ალიანსის ღია კარის პოლიტიკა უნდა იყოს გააქტიურებული.

„ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა უნდა იყოს შენარჩუნებული და გააქტიურებული, ნატო-მ უნდა გააფართოოს და გააძლიეროს პარტნიორობა უკრაინასა და საქართველოსთან, ისწრაფოდეს უფრო მეტი ჩართულობისკენ ბოსნია-ჰერცოგოვნასთან და წინააღმდეგობა გაუწიოს დასავლეთ ბალკანეთში დესტაბილიზაციას“, – ნათქვამია ანგარიშში.

ექსპერტების აზრით, რუსეთის აგრესია საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ ასევე რუსეთის სამხედრო აქტივობები ბალტიისა და შავი ზღვის რეგიონებში, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში, ბალტიის რეგიონსა და უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში უარყოფითად აისახა ევროატლანტიკურ ზონაში უსაფრთხოებაზე.

როგორც ნატო-ს ვებგვერდზეა აღნიშნული, ექსპერტთა ანგარიში იქნება ერთ-ერთი, რასაც გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი დაეყრდნობა, როდესაც ნატო-ს 2030 წლის პროგრამასთან დაკავშირებით ლიდერებს თავის ინიციატივებს წარუდგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები