“ჩრდილოატლანტიკურ ალიანში საქართველოსთვის ორგანიზაციაში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) შეთავაზებაზე სერიოზულად ფიქრობენ მაშინ, როდესაც უკრაინის მიმართებით ასეთი შესაძლებლობა, ამ ეტაპზე, არც კი განიხილება.
შესაბამის ინფორმაციას უკრაინულ გამოცემას Eurointegration-ს წყაროები კიევში, თბილისსა და ბრიუსელში უდასტურებენ, ნათქვამია სტატიაში “ნატო-ში ნაბიჯი უკრაინის გარეშე”.
პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ “ნატო-ს შტაბ-ბინაში ტექნიკურ დონეზე მიღწეულია შეთანხმება იმის შესახებ, რომ საქართველოს აქვს საფუძველი მიიღოს გაწევრიანების სამოქმედო გეგმა, თუნდაც ხვალ. მეტიც, ბევრი ემხრობა იმას, რომ თბილისმა, გარკვეულწილად, გეგმის მოთხოვნები უკვე შეასრულა და ქვეყანა უახლოეს დროში ორგანიზაციის 31-ე წევრი უნდა გამხდარიყო”.
თუმცა, ამჟამად არ არსებობს ზუსტი ვადები იმისა, თუ როდის მოხდება აღნიშნული, ასევე, ხომ არ მოხდება პოლიტიკური მოტივით აღნიშნულის საწინააღმდეგოდ ხმის მიცემა ალიანსის წვერების მხრიდან.
“მოკავშირეების საბოლოო პოლიტიკური თანხმობა საკითხთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, არ არსებობს”, – აცხადებენ გამოცემის წყაროები.
ქვეყნისთვის MAP-ის მინიჭების საკითხი, ასევე, ალიანსის სრულფასოვანი წევრობის შეთავაზება სრული კონსენსუსით მიიღწევა.
“თუმცა, ის ფაქტი, რომ ნატო-ში საქართველოს ახალ სტატუსზე დისკუსია დაიწყო – უკვე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან უკრაინის შემთხვევაში, ალიანსში ასეთ შესაძლებლობაზე არც კი, საუბრობენ. გამომდინარე იქიდან, რომ MAP-ის მიღების პერსპექტივაზე შეთანხმებული გადაწყვეტილება არ არსებობს, ბრიუსელსა და თბილისში საკითხთან დაკავშირებით კომენტარებს არ აკეთებენ. თუმცა, გენერალური მდივნის სტოლტენბერგის რიტორიკა საქართველოს მიმართ უკვე შეიცვალა, ნატო-ს საიტზე კი საქართველოსთან ურთიერთობის კატეგორიაში გაჩნდა დამატებითი შეხსენება, რომ ქვეყანა წევრობისთვის მზადების ეტაპს გადის “წლიური ეროვნული პროგრამების შემუშავებისა და წარმატებული იმპლემენტაციის გაზით”, – აღნიშნულია Eurointegration-ის სტატიაში.