შსს ბათუმში მდებარე ფიტნეს კლუბის დალუქვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

29 ნოემბერს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა,  გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს შპს „ონლაინ მეჯიქ“-ში, რის შედეგადაც მოხდა აღნიშნული ფიტნეს კლუბის დალუქვა.

როგორც უწყების პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში რეაგირების მიზნით გადმოგზავნილი მასალები.

კერძოდ, მასობრივი ინფორმაციის საშუალებით ცნობილი გახდა, რომ შპს “ონლაინ მეჯიქ”  “რეფორმერი ფიტნესი” არ დაემორჩილა „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 23 მაისის №322 დადგენილებით გათვალისწინებულ შეზღუდვებს, გააგრძელა სპორტული/სავარჯიშო დარბაზის ფუნქციონირება, რის გამოც, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10) მუხლის თანახმად, 28 ნოემბერს დაჯარიმებული იქნა 10 000 ლარით.

აღნიშნულის შემდეგ, 29 ნოემბერს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა განმეორებით განახორციელა შპს “ონლაინ მეჯიქ”-ის  “რეფორმერი ფიტნესის” ინსპექტირება, რა დროსაც აღმოჩნდა, რომ, ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების მიუხედავად, კომპანია კვლავ აგრძელებდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას.

“ინსპექტირების მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადმოიგზავნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, რის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 248-ე პრიმა მუხლით.

როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 248 -ე პრიმა მუხლის თანახმად, იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევისათვის ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. კერძოდ, იურიდიული პირის შემთხვევაში დაჯარიმებას, საქმიანობის უფლების ჩამორთმევას, ასევე მის მიმართ ლიკვიდაციისა და დაჯარიმების ღონისძიების ერთობლივად გამოყენების შესაძლებლობას, ხოლო ფიზიკური პირის შემთხვევაში – შინაპატიმრობას ექვსი თვიდან ორ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ვადით”, – აღნიშნულია შსს-ის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები