რა მდგომარეობაა თბილისის კლინიკებში, რა სისტემით იღებენ კოვიდინფიცირებულ პაციენტებს და არის თუ არა საკმარისი ადგილები – “შესაძლოა, სასწრაფომ დარეკოს და ვერ მივიღოთ პაციენტი”

რა მდგომარეობაა თბილისის კლინიკებში, რა სისტემით იღებენ კოვიდინფიცირებულ პაციენტებს და არის თუ არა საკმარისი ადგილები – აღნიშნული საკითხების დასაზუსტებლად ,,კვირა” რამდენიმე კლინიკას დაუკავშირდა.

მათი ინფორმაციით, კოვიდინფიცირებული პაციენტებისთვის ადგილები არ აქვთ, ახალ პაციენტებს იღებენ მხოლოს მას შემდეგ, როცა გამოჯანმრთელებულები გაეწერებიან. კლინიკებში ასევე აცხადებენ, რომ მედპერსონალის დაინფიცირების შემთხვევებიც აქვთ, თუმცა, წესების დაცვას მაქსიმალურად ცდილობენ და პერიოდულად თანამშრომლებს ტესტირებას უტარებენ.

,,ადგილები კოვიდპაციენტებისთვის არაა, როგორც კი პაციენტი გაეწერება, შესაბამისად, ვიღებთ ახალს. რა თქმა უნდა, მოთხოვნა დიდია, სიტუაციიდან გამომდინარე. პაციენტები, რომლებიც ხვდებიან ჩვენთან, უზრუნველყოფილები არიან სასუნთქი აპარატებითაც, ჟანგბადითაც და შესაბამისი სამედიცინო მომსახურებით. რაც შეეხება მედპერსონალის რაოდენობას, საკმარისია და სრულად უმკლავდებიან საქმეს. უსაფრთხოების ზომებიც მაქსიმალურად დაცულია”, – აცხადებენ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრში.

ბოჭორიშვილის კლინიკის პრესსამსახურის ინფორმაციითაც, ადგილები არაა და მოთხოვნაც რომ იყოს, პაციენტს ვერ მიიღებენ, სანამ გამოჯანმრთელებული არ გაეწერება.

ბოჭორიშვილის კლინიკაში, კოვიდინფიცირებულების გარდა, არიან სხვა, ასევე მძიმე პაციენტები, რომელთაც სჭირდებათ მკურნალობა.

,,ადგილები კოვიდპაციენტებისთვის ამ ეტაპზე კლინიკაში არაა. მედიასთან კომენტარს ასე ვერ გავაკეთებთ კონკრეტულად კოვიდპაციენტებთან დაკავშირებით, რადგან შესაძლოა, პაციენტს, როდესაც ოპერაციაზე შეჰყავთ ან რამე სხვა დაავადებით შემოდის, შემდეგ დაუდასტურდეს კოვიდ-19. შესაძლოა, სასწრაფომ დარეკოს და ვერ მივიღოთ პაციენტი, რადგან ადგილი არ გვქონდეს. ეს არაა დაკავშირებული კონკრეტულად ქვეყანაში არსებულ სიტუაციასთან, ესაა კონკრეტულად საავადმყოფოს ადგილების რაოდენობასთან დაკავშირებული.

კლინიკა, პრაქტიკულად, ვეღარ იღებს ისეთ პაციენტებს, რომლებსაც რეანიმაცია სჭირდებათ, თუ ვინმე გაუმჯობესდა, ის გადმოდის ინფექციურ განყოფილებაში”, – აცხადებენ ბოჭორიშვილის კლინიკაში.

რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ ეტაპისთვის 130-მდე კოვიდინფიცირებული პაციენტია. როგორც ,,კვირას” საავადმყოფოს პრესსამსახურში უთხრეს, ჯანდაცვის სამინისტრო მაქსიმალურად ეხმარება პერსონალს, რომ სახარჯი მასალის დეფიციტი არ იყოს.

,,დღის განმავლობაში 4-დან 8 პაციენტი ეწერება და, შესაბამისად, მათ ენაცვლებიან ახალი პაციენტები. ზოგი გამოჯანმრთელდება, ზოგიერთი საკარანტინე სივრცეში გადადის, ზოგიერთი ბინაზე აგრძელებს მკურნალობას. ამ დროისთვის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 130-მდე კოვიდინფიცირებული პაციენტი გვყავს.

რაც შეეხება სასუნთქ აპარატებს, ის რაოდენობა, რაც გვაქვს, სრულად დატვირთულია და გამოყენებული. ჯანდაცვის სამინისტრო ძალიან გვეხმარება, სახარჯი მასალის დეფიციტი არ გვქონია ამ დრომდე, კომბინიზონები, ხელთათმანები, სადეზინფექციო ხსნარები მუდმივად გვაქვს პერსონალს. თითოეული თანამშრომელი დატრენინგებულია და აქტიურად ვაკონტროლებთ სიტუაციას. გვყავს ინფექციის 5 მედდა და მონიტორინგს აწარმოებენ მუდმივად”, – აცხადებენ საავადმყოფოს პრესსამსახურში.

რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ასევე, აღნიშნავენ, რომ მედპერსონალის უმეტესობა ოჯახის წევრებსა და სხვა ადამიანებთან კონტაქტისას ინფიცირდება, თუმცა, შიდა გადაცემის შემთხვევებიც ფიქსირდება.

,,მედპერსონალის ინფიცირების შემთხვევებიც გვაქვს, რა თქმა უნდა, თუმცა, მაქსიმალურად ვიცავთ წესებს. ხშირია ოჯახის წევრებისგან ან კონტაქტში მყოფი სხვა პირისგან გადაცემის ფაქტები, მაგრამ შიდა შემთხვევებიც გვაქვს. 2 კვირაში ერთხელ თანამშრომლებს უტარდებათ პისიარ ტესტირება, რაც სავალდებულოა”, – აცხადებენ რესპუბლიკურ საავადმყოფოში.

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში კოვიდინფიცირებული პაციენტებისა და მედპერსონალის ინფიცირების შემთხვევების შესახებ კონკრეტულ რიცხვებს არ ასახელებენ, თუმცა, როგორც პრესსამსახურში ამბობენ, მედპერსონალის ინფიცირების ყველაზე ნაკლები შემთხვევა სწორედ თბილისის ზღვის ჰოსპიტალშია.

,,არა, ადგილები არაა, სრული დატვირთვით მუშაობს კლინიკა და როდესაც პაციენტი გაეწერება, შემდეგ მივიღებთ ახალ პაციენტს. სასუნთქი აპარატების საკმარისი რაოდენობის შესახებ ინფორმაცია პირობითია, ასე ვერ ვიტყვით, გვაქვს იმდენი სასუნთქი აპარატი, რამდენ პაციენტსაც სჭირდება. გვყავს იმდენი აპარატდამოკიდებული პაციენტი, რამდენი აპარატიცაა, თუ არ გვაქვს შესაძლებლობა, მაშინ ასეთ პაციენტს ვერ ვიღებთ“, – აცხადებენ თბილისის ზღვის ჰოსპიტალში.

კითხვაზე, თუ პაციენტს მიიყვანენ და კლინიკას ადგილი არ აქვს, რა ხდება ამ შემთხვევაში, თბილისის ზღვის ჰოსპიტალში გვპასუხობენ, რომ მათ აქვთ ცხელების ცენტრიც, შესაბამისად, სასწრაფოს მიჰყავს პაციენტი, უტარდება ტესტი და ამის მიხედვით შესაძლოა, გაუშვან ბინაზე მკურნალობისთვის, ან კოვიდსასტიმროში, ან გადაამისამართებენ იმ კლინიკაში, სადაც იმ ეტაპზე ადგილი იქნება.

,,რაც შეეხება მედპერსონალის ინფიცირების შემთხვევებს, ყველაზე ნაკლები ჩვენს კლინიკაშია. თითოეულ თანამშრომელს პერიოდულად ტესტირებები უტარდება“, – განაცხადა თბილისის ზღვის ჰოსპიტლის პრესსამსახურის წარმომადგენელმა, ნინო კილაძემ.

ამ ფონზე, დღეს საქართველოში კორონავირუსის 3 801 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მთავრობა კი ახალი რეგულაციებისა და შეზღუდვების შემოღებას გეგმავს.

 

ნელი ვერულაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები