ალექსანდრ ვერშბოუ: უნდა დავეხმაროთ უკრაინას, საქართველოსა და ახლა უკვე ბელარუსს, რათა დაიცვან საკუთარი სუვერენიტეტი

“პოლიტიკური ჩარევისგან თავის დაცვასა და კიბერუსაფრთხოების შექმნაში უნდა დავეხმაროთ უკრაინას, საქართველოსა და ახლა უკვე ბელარუსს, რათა დაიცვან საკუთარი სუვერენიტეტი”, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის ყოფილმა მოადგილემ, ალექსანდრ ვერშბოუმ „ატლანტიკური საბჭოს“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე განაცხადა.
ინფორმაციას „ამერიკის ხმა“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დიპლომატმა რუსეთის აგრესიული ქცევის საწინააღმდეგოდ ხარჯების გაზრდის აუცილებლობაზე ისაუბრა.

„ჩვენი პრინციპების ხარჯზე ნუ შეეცდებით პუტინთან დიდი გარიგებების დადებას. მოსკოვთან უკეთესი ურთიერთობების სამსხვერპლოზე ნუ შესწირავთ სხვა ქვეყნებს. წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ რუსულ აგრესიას ყველა სფეროში, ნატო-ს გაძლიერების საშუალებით. პოლიტიკური ჩარევისგან თავის დაცვასა და კიბერუსაფრთხოების შექმნაში უნდა დავეხმაროთ უკრაინას, საქართველოსა და ახლა უკვე ბელარუსს, რათა დაიცვან საკუთარი სუვერენიტეტი. რუსეთის აგრესიული ქცევის საწინააღმდეგოდ, უნდა გავზარდოთ ხარჯები. მაგრამ ამ ყველაფრის თქმისას ჩვენ ასევე ვიცით, რომ აქ არ არსებობს სწრაფი გაუმჯობესების პერსპექტივა. ამიტომ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა ვიყოთ მომთმენნი და მტკიცე ჩვენი პრინციპების დაცვაში. პუტინი ხელისუფლებაში შესაძლოა, კიდევ 10, 16 ან მეტი წლის განმავლობაში დარჩეს და მან აირჩიოს პოლიტიკური კონტროლის შენარჩუნება იმ ნარატივის გაგრძელებით, რომ დასავლეთმა რუსეთის დამარცხება გადაწყვიტა და უარყო მისი ღირსეული ადგილი მსოფლიოში“, – განაცხადა ვერბშოუმ.

„ატლანტიკური საბჭოს“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე ნატო-ს გენერალური მდივნის ყოფილმა მოადგილემ, ალექსანდრ ვერშბოუმ განაცხადა, რომ უკრაინასა და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისთვის შესაძლოა, უპრიანი იყო ახალი სტატუსის შექმნა, მაგალითად, ასოცირებული წევრის სტატუსის.

„ნატო-ში რუსეთის წევრობის საკითხი, სერიოზულად იყო განხილული კლინტონსა და ელცინს შორის. თუმცა, საქმე ამაზე შორს არასდროს წასულა. ვეთანხმები მოსაზრებას, რომ შესაძლებელია ამ საკითხს რაიმე ფორმით დავუბრუნდეთ. მაგალითად, უკეთესი სამოქალაქო ურთიერთობა ნატო-სა და რუსეთს შორის, რათა არ ჰქონდეთ განცდა, რომ ნატო-რუსეთის პარტნიორობა მხოლოდ ფასადური მიდგომაა. ეს შეიძლება, გაკეთდეს ერთგვარი ყოვლისმომცველი მეთოდით. თუ რას ვაკეთებთ უკრაინასა და საქართველოს წევრობისკენ სწრაფვის შესახებ: ჩვენ პირობა დავდეთ, რომ უკრაინა და საქართველო ნატო-ს წევრები გახდებიან, მაგრამ ვერ გავითვალისწინეთ, როგორ შეიძლება მივაღწიოთ ამას. შესაძლოა, ეს მოხერხდეს რაიმე ახალი, ასოცირებული წევრის სტატუსის შექმნით, უკრაინისა და საქართველოსთვის“, – განაცხადა ვერშბოუმ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები