“წითელი ჯვარი” თესალონიკის საპატიმროში მსჯავრდებულების COVID-19-ზე ტესტირების მეორე ეტაპს იწყებს – როგორია ქართველი პატიმრების მდგომარეობა

თესალონიკში საქართველოს გენერალური კონსული, ნოდარ კომახიძე “წითელი ჯვრის” საერთაშორისო ორგანიზაციის თესალონიკის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, დესპინა ფილიპიდაკს შეხვდა.

კომახიძე ფილიპიდაკს ​თესალონიკის საპატიმრო დაწესებულებაში (დიავატა) მყოფი, საქართველოს მოქალაქეების COVID-19-ით ინფიცირებასთან დაკავშირებით დაინტერესდა და აღნიშნა, რომ გენერალური საკონსულო მუდმივ კავშირზეა ციხის ადმინისტრაციასთან და ახდენს პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს.

ნოდარ კომახიძემ აღნიშნა, რომ მსჯავრდებულების უფლებების დაცვა წარმოადგენს გენერალური საკონსულოს საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტს.

შეხვედრაზე დესპინა ფილიპიდაკმა განაცხადა, რომ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულ ორგანიზაციასა (EODY) და “წითელი ჯვრის” საერთაშორისო ორგანიზაციას შორის მიღწეული შეთანხმებით, “წითელი ჯვარი” დღეიდან იწყებს თესალონიკის საპატიმრო დაწესებულებაში მსჯავრდებულების COVID-19-ზე ტესტირების მეორე ეტაპს. ტესტირება გაგრძელდება 3 კვირის განმავლობაში, რის შემდეგაც მსჯავრდებულების მიმართ გატარდება პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს იმ პროექტებზე, რომელსაც ახორციელებს წითელი ჯვარი და ხაზი გაუსვეს ხსენებულ პროექტებში ქართველი ემიგრანტების ჩართულობის მნიშვნელობას.

მხარეებმა ასევე განიხილეს მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები და ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები