რუსეთი მზად არის, “ღია ცის” შეთანხმებაში დარჩეს იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტის ხელმომწერი დანარჩენი წევრები მის პირობებს წმინდად შეასრულებენ, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.
“მზად ვართ, გავაგრძელოთ თანამშრომლობა ამ მნიშვნელოვანი დოკუმენტის ფარგლებში, თუ ყველა დარჩენილი მონაწილე მის პირობებს წმინდად შეასრულებს, კერძოდ: ინფორმაცია, რომელსაც მოიპოვებენ შეთანხმების მონაწილე ქვეყნები ერთმანეთის ტერიტორიებზე ფრენის დროს, მხოლოდ მათთვის უნდა იყოს განკუთვნილი, ვინც შეთანხმებაში რჩება და მეორე, – როდესაც ინსპექტირებისთვის იქნება შეთავაზებული ტერიტორია, იქიდან არ უნდა მოხდეს არაფრის ამოღება”,- თქვა რუსმა დიპლომატმა.
მისივე თქმით, რუსეთის პოზიცია კარგად არის ცნობილი და ის შეთანხმების პირობებს ეყრდნობა.
“მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი დასავლელი კოლეგები ხშირად არ იქცევიან როგორც ჯენტლმენები, გვსურს კიდევ ერთხელ იურიდიულად განვამტკიცოთ ის ვალდებულებები, რომლის შესრულებაც მოუწევთ დარჩენილ ქვეყნებს”,- განმარტა ლავროვმა.
22 ნოემბერს აშშ-მა “ღია ცის” შეთანხმებიდან გასვლის პროცედურა დაასრულეს, რომელიც მაისში იყო ჩაშვებული.
ამის ერთ-ერთ მიზეზად სახელდება ის, რომ რუსეთი სადამკვირვებლო ფრენებს ზღუდავს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების – აფხაზეთისა და ე.წ.სამხრეთ ოსეთის ე.წ.საზღვრებიდან 10 კმ რადიუსში, რადგან მათ დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარებს და აცხადებს, რომ ისინი შეთანხმების მონაწილე ქვეყნები არ არიან; ასევე, ანექსირებულ ყირიმში საწვავის შევსებისთვის განკუთვნილი აეროდრომის მოწყობასა და კალინინგრადის ოლქის თავზე სადამკვირვებლო ფრენების შეზღუდვას. ასევე, საუბარია მოსკოვის მიერ კალინინგრადთან, პოლონეთთან, ლიეტუვასთან ფრენებზე შეზღუდვების დაწესებაზე.
რაც შეეხება “ღია ცის ქვეშ” შეთანხმებას – მას ხელი 1992 წლის 24 მარტს ჰელსინკში ეუთო-ს 23 წევრი-ქვეყნის მიერ მოეწერა. შეთანხმების მიზანია მონაწილე ქვეყნების მიერ ერთმანეთის ტერიტორიებზე სადამკვირვებლო ფრენების განხორციელება.
2017 წლის მდგომარეობით, შეთანხმების წევრი ქვეყნების რაოდენობა 34-მდე გაიზარდა. დოკუმენტზე ხელი საქართველოსაც აქვს მოწერილი, რუსეთმა კი შეთანხმება 2001 წლის 26 მაისს გაიზიარა.
შეთანხმების ფარგლებში, ფრენების კვოტირების სისტემა არსებობს. 2017 წელს, მაგალითად, რუსეთსა და ბელარუსს, რომლებიც ერთ ჯგუფად მიიჩნევიან, 42 ფრენის განხორციელება შესაძლებლობა მიეცათ. საპასუხოდ, წევრმა ქვეყნებმა რუსეთის ტერიტორიაზე 34 სადამკვირვებლო ფრენა განახორციელეს.