თორნიკე რიჟვაძე: ყველას ვაფრთხილებ, ნებისმიერი მოწოდება ძალადობისკენ იქნება შესაბამის პრევენციულ რეაგირებას დაქვემდებარებული
“ყველას ვაფრთხილებ, ნებისმიერი მოწოდება ძალადობისკენ და ნებისმიერი მცდელობა, რომ კიდევ უფრო დაიძაბოს სიტუაცია რეგიონში, იქნება შესაბამის პრევენციულ რეაგირებას დაქვემდებარებული”, – ასე გამოეხმაურა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაანონსებულ “სირცხვილის კორიდორის” მოწყობას საარჩევნო უბნებზე.
რიჟვაძის თქმით, ვერავინ ვერ შეძლებს მოქალაქეების ხმის მიცემის უფლების დაზიანებას.
“დაანონსებული სამარცხვინო გადაწყვეტილება მინდა, შევაფასო. ამომრჩეველზე ზემოქმედება გახლავთ სისხლის სამართლით გათვალისწინებული დანაშაული, ეს მხოლოდ სამართლებრივ ფორმალურ ჭრილში თუ ვიმსჯელებთ. პოლიტიკურად – უღირსი, უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა. ვერავინ ვერ შეძლებს მოქალაქეების ხმის მიცემის უფლების დაზიანებას. შესაბამისად, ყველას შეეძლება თავისუფალ, მშვიდ გარემოში ხმის მიცემა. შემდეგ მოდიფიცირებულ გადაწყვეტილებას -“სირცხვილის კოროდორი” თუ დერეფნები შეეხებოდა მხოლოდ პოლიტიკური თანამდებობის პირებს და დეპუტატებს. ყველას ვაფრთხილებ, ნებისმიერი მოწოდება ძალადობისკენ და ნებისმიერი მცდელობა, რომ კიდევ უფრო დაიძაბოს სიტუაცია რეგიონში, იქნება შესაბამის პრევენციულ რეაგირებას დაქვემდებარებული. ყველას გავახსენებ, რომ “ნაცმოძრაობის” ე.წ ლიდერები, ქალებსა და ბავშვებს ამოფარებულნი, აგრძელებენ პოლიტიკურ დესტრუქციას. ამიტომ, ყველას მოვუწოდებ, რომ სიმშვიდე შევინარჩუნოთ რეგიონში და ამისთვის განსაკუთრებით ვთხოვ ამომრჩეველს, ხვალ ყველამ ვაჩვენოთ, რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდი, თავისუფალი განვითარება”, – განაცხადა რიჟვაძემ.
ცნობისთვის, ბათუმში “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ლევან ვარშალომიძემ განაცხადა, რომ მეორე ტურში სირცხვილის კორიდორები გაკეთდება. ვარშალომიძემ, ასევე, ამომრჩეველს მოუწოდა, რომ მეორე ტურში ხმის მისაცემად არ მივიდნენ.