ჯანმო: ევროპისთვის უახლოესი 6 თვე იქნება მძიმე
ევროპის ქვეყნებში ე.წ.ნიღბების საყოველთაო ტარების შედეგად, შესაძლოა “ლოქდაუნი” არ გამოცხადდეს, თუმცა კონტინენტს კიდევ 6 მძიმე თვე ელოდება.
ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ბიუროს ხელმძღვანელმა, ჰანს კლიუგემ განაცხადა.
მისი თქმით, ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში სამედიცინო დაწესებულებები უკვე გადავსებულია, მხოლოდ უკანასკნელ ერთ კვირაში 29 ათასი ლეტალური შემთხვევაა დაფიქსირებული.
“აშშ-თან ერთად ევროპა პანდემიის ეპიცენტრშია. გვირაბის ბოლოს შუქი არსებობს, თუმცა წინ 6 მძიმე თვე გველოდება”,- თქვა მან.
მისივე თქმით, “ქვეყნების ჩაკეტვის არიდება შეიძლება, “ლოქდაუნი“- უკანასკნელი ზომა უნდა იყოს”.
“ნიღბების ტარება სავალდებულოა და ეს სხვა ზომებთან ერთად უნდა იყოს დაცული. თუ ქვეყანაში პირბადის ტარება 95% მიაღწევს, “ლოქდაუნის” გამოცხადება საჭირო აღარ იქნება”,- განმარტა კლიუგემ.
სპეციალისტი მიიჩნევს, რომ შეზღუდვები ეტაპობრივად და ძალიან ფრთხილად უნდა მოიხსნას.
ასევე, კლიუგე ხაზს უსვამს, რომ სკოლების დახურვა აუცილებელი არ არის, რადგან ბავშვები და მოზარდები ვირუსის გავრცელების მამოძრავებელ ძალას არ წარმოადგენენ, სკოლების დახურვა კი, “არაეფექტურია”.