ანრი ოხანაშვილი: „ნაცმოძრაობის“ სცენარი გადიოდა რევოლუციაზე, 2003 წლის გათამაშება უნდოდათ და არ გამოუვიდათ
„ნაციონალური მოძრაობის“ სცენარი წინასწარ იყო გაწერილი და ეს გადიოდა რევოლუციაზე, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პომპეოს ვიზიტი და სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებები დასტურია იმისა, რომ არჩევნები ლეგიტიმურად ჩატარდა.
„ჯერ კიდევ არჩევნებამდე, ჩვენ ყველამ კარგად ვიციდით, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ სცენარი წინასწარ იყო გაწერილი და ეს გადიოდა რევოლუციაზე. ჩვენ ხომ არჩევნებამდე ვაცხადებდით, რომ ეს დესტრუქციული ჯგუფები წინასწარ დადგმული სცენარით ემზადებოდნენ, არა მხოლოდ არჩევნების დღისთვის, არამედ უმეტესწილად არჩევნების შემდგომი სცენარებისთვის. ამიტომ ატეხეს ყიჟინა, რომ თითქოს ცესკო-მ არჩევნების შედეგები გვიან გამოაცხადა. მათ 2003 წლის გათამაშება უნდოდათ. ეს არ გამოუვიდათ და არც გამოუვათ, ვინაიდან ჩვენ ზურგს გვიმაგრებს ერთი მხრივ, ჩვენი ამომრჩეველი, რომელიც კარგად აანალიზებს, რაც ხდება მეორე მხრივ, ზურგს გვიმაგრებენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები. ამის დასტური იყო პომპეოს ვიზიტი და სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებები. ამის დასტურია ის განცხადებები, რომელიც ეუთო-ს, სადამკვირვებლო მისიების და საქართველოში ამერიკის საელჩოს მხრიდან გაკეთდა, რომლის მიხედვითაც, არჩევნები ლეგიტიმურია. ამიტომ ყველა უნდა მოემზადოს ერთი მხრივ მეორე, ტურისთვის და მეორე მხრივ, პარლამენტში შესვლისთვის, რათა იქ პოლიტიკური პაექრობა მოხდეს.
დიდი ხანია ჩვენი საზოგადოებისთვის რევოლუციური სცენარი წარსულს ჩაბარდა. ამიტომ საზოგადოებას ნუ დაღლიან ისედაც ამ ვითარებაში, როდესაც ყველასთვის უმთავრესია სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
მისივე თქმით, დებატებს და პაექრობას არავინ გაურბის, თუმცა ოპოზიცია უარს ამბობს ყველა ცივილიზებულ დემოკრატიულ მეთოდზე.
„ამისთვის არის პოლიტიკური ტრიბუნა, პარლამენტი, ადგილი, სადაც ასეთი პაექრობა შეიძლება. უარს ამბობენ ყველა იმ ცივილიზებულ დემოკრატიულ მეთოდზე, რომელიც შეიძლება ოპოზიციამ გამოიყენოს. გავიგეთ, რომ პატივს არ სცემ კონკურენტ პარტიას, დასავლელ პარტნიორებს, თუ საკუთარ ამომრჩეველსაც არ სცემენ პატივს, მაშინ ვის სცემენ? ხომ არ შეიძლება ყველაფერი პარტიული ინტერესით განისაზღვრებოდეს. დემოკრატიის აქსიომაა, პატივი სცე უმრავლესობის მმართველობას და ოპონირება გაუწიო დემოკრატიის ფარგლებში“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.