გიორგი გახარია: ეს არჩევნები იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი, რომ ქვეყანაში, რაც შეიძლება სწრაფად, პროცესები დაბრუნდეს ფორმალურ სამართლებრივ ჩარჩოებში და ფორმალურ სამართლებრივ პოლიტიკურ პლატფორმებზე

“სულ რამდენიმე დღეში, 21 ნოემბერს ქვეყანაში იქნება არჩევნების მე-2 ტური 17 ოლქში”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ეს არჩევნები იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ, რაც შეიძლება სწრაფად, ქვეყანაში პროცესები დაბრუნდეს ფორმალურ სამართლებრივ ჩარჩოებში და ფორმალურ სამართლებრივ პოლიტიკურ პლატფორმებზე.
„მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მოქალაქეებმა უკვე მაშინ, როდესაც 31 ოქტომბერს მიიღეს არჩევნებში მონაწილეობა, ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ პანდემიის პირობებში, ერთხმად დაუჭირეს მხარი 9 პოლიტიკურ პარტიას, მათ წარმოდგენას პარლამენტში და იმას, რომ ამ პოლიტიკურმა პარტიებმა, მათთვის მინიჭებული მანდატების და, რაც მთავარია, პასუხისმგებლობის თვალსაზრისით, იზრუნონ ქვეყანაში არსებული გამოწვევების წინააღმდეგ ეფექტურ ბრძოლაში, ერთობლივად. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და მე დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული ეს პოლიტიკური გაერთიანება, თითოეული დეპუტატი იაზრებს ამ პასუხისმგებლობას და შესაბამისად მოიქცევა, როგორც ეკადრება ქართველ ამომრჩეველს, საქართველოს მოქალაქეს და იმ მოლოდინებსა და პასუხისმგებლობას, რომელიც საქართველოს მოქალაქემ მისი თვალთახედვის შესაბამისად გადაანაწილა.
ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ქვეყნის შემდგომი სტაბილური განვითარება, სტაბილური პოლიტიკური პროცესი, იმ გამოწვევების დროს, რომელსაც ქვეყანამ უნდა უპასუხოს, რა თქმა უნდა, პირველ ყოვლისა, ეს გახლავთ გლობალური პანდემია, ეკონომიკური კრიზი, რეგიონული გამოწვევები, არის უაღრესად მნიშვნელოვანი,“ – განაცხადა პრემიერმინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები