გერმანიის მთავრობის დახმარებით რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონის  მუნიციპალიტეტებს ახალი საოფისე ტექნიკა გადაეცათ 

18 ნოემბერს, გერმანიის მთავრობის სახელით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონული ფონდის მიერ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ორგანიზებით, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონში შემავალ 4 მუნიციპალიტეტს საჩუქრად ახალი საოფისე ტექნიკა  გადაეცათ.

გერმანული მხარის მიერ საოფისე ტექნიკის შეძენის ინიციატივა წარმოადგენს COVID-19-ის პანდემიის გამო პარტნიორებთან ერთად დაგეგმილი პროექტების შეფერხების აღმოფხვრისა და დამატებითი საჭიროებებისთვის ალტერნატიული დახმარების ფორმას, რომლის შედეგადაც მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის  წარმომადგენლების დისტანციურად მუშაობის პირობები მკვეთრად გაუმჯობესდება.

„ახალი საოფისე ტექნიკა მოემსახურება მუნიციპალიტეტებში მიმდინარე პროექტის ეფექტიან განხორციელებას მომავალში, რომელიც გულისხმობს ერთიანი ელექტრონული სისტემის დანერგვას საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში“,  – აღნიშნავს  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისა და პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი  ნიკოლოზ როსებაშვილი.

საოფისე ტექნიკის გადაცემას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ესწრებოდნენ სამინისტროს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტისა და GIZ-ის რეგიონული ფონდის წარმომადგენლები.

გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს (BMZ) დავალებით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) 1992 წლიდან საქართველოს კარგი მმართველობის, დემოკრატიის, მდგრადი ეკონომიკური განვითარების, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების მიმართულებით ეხმარება.

GIZ-ის აღმოსავლეთი პარტნიორობის რეგიონული ფონდი 2016 წლიდან ახორციელებს პროექტებს ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ექვსივე ქვეყანაში

ადმინისტრაციული რეფორმების  ხელშეწყობის კუთხით. ფონდის საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულებაა მონაწილე ქვეყნებს შორის ელექტრონული მმართველობის სფეროში

არსებული პრაქტიკის გაზიარება, ინოვაციური მიდგომების შემუშავება და ეფექტური თანამშრომლობის ქსელის ჩამოყალიბება.

საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან, აგრეთვე ელექტრონული მმართველობის სფეროში მომუშავე სხვადასხვა სააგენტოებთან თანამშრომლობით ფონდი ხელს უწყობს საქართველოში ისევე როგორც დანარჩენ პარტნიორობის ქვეყნებშიც, ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე ადმინისტრაციული სერვისების გაუმჯობესებით მოქალაქეზე ორიენტირებულ და გამჭვირვალე ადმინისტრაციულ პროცესებს.

გერმანიასა და საქართველოს შორის განვითარების თანამშრომლობის შესახებ დამატებითი ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულებზე:

BMZ: https://www.bmz.de/en/countries_regions/Central-Eastern-and-South-Eastern-Europe/georgien/index.html

GIZ: https://www.giz.de/en/worldwide/359.html

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები