ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 100 ათასლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამა მეექვსედ გამოაცხადა

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 100 ათასლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამა უკვე მეექვსედ გამოაცხადა. საგრანტო პროგრამის პრეზენტაცია ონლაინრეჟიმში გაიმართა.

როგორც ,,კვირას” ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოდან აცნობეს,  თანადაფინანსების გრანტების პროგრამა მსოფლიო ბანკის ,,ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტის” (GENIE) მხარდაჭერით ხორციელდება.

თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ხუთი რაუნდის ფარგლებში ჯამურად 96 სტარტაპი დაფინანსდა. თითოეულ მათგანს 100 ათას ლარამდე ოდენობის გრანტი გადაეცა. პროგრამის მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების შემუშავება, მათი კომერციალიზაცია და ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება.

თანადაფინანსების გრანტები წარმოადგენს დაფინანსების ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ინსტრუმენტს, რომელიც ინოვაციის მხარდასაჭერად გამოიყენება, როგორც განვითარებული, ისე განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში. GENIE პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია თანადაფინანსების გრანტების ტარტაპებისთვის, რომელიც განკუთვნილია დამწყები/ორ წლამდე კერძო, მცირე საწარმოებისთვის. საგრანტო კონკურსისთვის განკუთვნილი წლიური ბიუჯეტი შეადგენს ორ მილიონ ლარს, მოთხოვნილი გრანტის მაქსიმალური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ასი ათას ლარს.
თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ტექნოლოგიაზე დაფუძნებული პროექტები-საქმიანობები, გარდა სამხედრო, ბირთვულ ტექნოლოგიებთან, სპირტის და სპირტიანი სასმელების, თამბაქოს, და სახიფათო ნივთიერებების წარმოებისა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები