როგორ უნდა ისარგებლონ მოქალაქეებმა კოვიდთან დაკავშირებული საკითხებისთვის შექმნილი ახალი პორტალით – ჯანდაცვის მინისტრის განმარტება
“ახალი პორტალი მოქალაქეებს მისცემს საშუალებას, მოძებნონ თავიანთი ოჯახის ექიმი იმ შემთხვევაში, თუ მათთვის ამ მომენტისთვის არაა ცნობილი, თუ რომელ პოლიკლინიკურ ერთეულზე ან ოჯახის ექიმზე არიან ისინი მიბმულები”, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, მითითებული იქნება პირველადი ჯანდაცვის ცენტრის ტელეფონის ნომერი და, შესაბამისად, მათ მიეცემათ საშუალება, კონსულტაცია უშუალოდ ოჯახის ექიმთან გაიარონ.
„ახალი პორტალი მოქალაქეებს მისცემს საშუალებას, მოძებნონ თავიანთი ოჯახის ექიმი იმ შემთხვევაში, თუ მათთვის ამ მომენტისთვის არაა ცნობილი, რომელ პოლიკლინიკურ ერთეულზე ან ოჯახის ექიმზე არიან ისინი მიბმულები. ამ პორტალის მეშვეობით, ყველა მოქალაქეს, პირადი ნომრის მითითებით, მიეცემა ინფორმაცია, თუ რომელ პირველადი ჯანდაცვის ცენტრზე არიან ისინი მიმაგრებულები და ასევე – საკუთარი ოჯახის ექიმის სახელი და გვარი. აქვე, მითითებული იქნება პირველადი ჯანდაცვის ცენტრის ტელეფონის ნომერი და, შესაბამისად, მათ მიეცემათ საშუალება, კონსულტაცია გაიარონ უშუალოდ ოჯახის ექიმთან. ეს ყველაფერი შევიმუშავეთ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია სამედიცინო მომსახურების ხარისხის გამოსწორება და უზრუნველყოფა. ასევე, ჩვენი გეგმაა მომსახურების გაფართოება და და მეტი მოქნილობა. რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვნად განტვირთავს 112-ში მიმართულ ზარებს და იმ პაციენტებს, რომელთაც უკიდურესად სჭირდებათ სასწრაფო დახმარების გადაუდებელი მომსახურება, ექნებათ გაცილებით ნაკლები ლოდინის დრო. შესაბამისად, ამ კომპონენტშიც, მეტად ეფექტურები გავხდებით“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
მოქალაქეებისთვის კოვიდთან დაკავშირებულ საკითხებზე დღეიდან ახალი პორტალი, ambulatoria@moh.gov.ge ამოქმედდება.