თეიმურაზ კვირკველია: საქართველოში სააკაშვილის დაბრუნება მხოლოდ რუსეთს აძლევს ხელს

“საარჩევნო კანონმდებლობა ისე უნდა დაიხვეწოს, რომ სახელმწიფომ პროვოკატორებს პოლიტიკური კრიზისის შექმნის შანსი არ დაუტოვოს”, – ამის შესახებ პროკურატურის პრესცენტრის ჯგუფის ყოფილი უფროსი, თეიმურაზ კვირკველია გაზეთ “ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში საუბრობს.

მისივე თქმით, არა მხოლოდ ოპოზიციური პარტიები, არამედ თვითონ “ნაციონალური მოძრაობაც” საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შანტაჟის ქვეშ არიან.

“სანამ ქართული საინფორმაციო სივრცე პოლიტიკური არამზადებისგან არ გაიწმინდება და ტელევიზიების ეთერში ხშირად არ გამოჩნდებიან გონიერი და ზნეობრივი ადამიანები, რომლებსაც მოვლენების კვალიფიციური და ობიექტური ანალიზი შეუძლიათ. ყოველი არჩევნების მერე სწორედ ასეთ მახინჯ სურათს მივიღებთ.

დააკვირდით, ვის აქვს დაკავებული მთელი სატელევიზიო სივრცე – მაჭუტაძეს, ჩერგოლეიშვილს, ნანუკა ჟორჟოლიანს, გრიგოლ და გიორგი ვაშაძეებს, ბაქრაძეს, უგულავასა და სხვებს, რომლებსაც არც ინტელექტუალური და არც ზნეობრივი რესურსი არ გააჩნიათ იმისთვის, რომ დღე და ღამე საზოგადოება მოძღვრონ. სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილის მენტალობაც ისეა მოწყობილი, რომ ვინც ტელევიზიით ყველაზე ხშირად გამოდის, სწორედ ისინი ჰგონიათ ჭკვიანი და მისაბაძი ადამიანები.

დარწმუნებული ვარ, ერთპარტიულ პარლამენტს არ მივიღებთ. ჯერ ერთი “ნაციონალური მოძრაობა” ჰაერში ნუ ყვირის – პარლამენტში არ შევალო, არამედ საკუთარი საარჩევნო სია ოფიციალურად გაანულოს და იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი დადოს, რომელიც პარლამენტში მის შესვლას ნამდვილად გამორიცხავს. ამის შემდეგ უნდა მოხდეს ის, რაც ბატონმა მინდია უგრეხელიძემ ბრძანა – საარჩევნო კოდექსში შესწორება შეიტანონ და “ნაციონალური მოძრაობის” სადეპუტატო მანდატები იმ პარტიებს გადაუნაწილონ, რომლებმაც საარჩევნო ბარიერი გადალახეს. მერწმუნეთ, ბარიერგადალახულ პარტიებს, რომლებმაც 3-4 მანდატი მოიპოვეს, “ნაციონალური მოძრაობის” მანდატებს თუ გადაუნაწილებენ და თითოეულს კიდევ 3-4 დეპუტატი დაემატება, პარლამენტში აუცილებლად შევლენ.

საერთოდ, საარჩევნო კანონმდებლობა ისე უნდა დაიხვეწოს, რომ სახელმწიფომ პროვოკატორებს პოლიტიკური კრიზისის შექმნის შანსი არ დაუტოვოს, თორემ ყოველთვის გამოჩნდებიან ვიღაც ვირიშვილები, რომლებიც თავიანთი პარტიული ინტერესების გამო ქვეყნის არევას მოინდომებენ.

სააკაშვილის შანტაჟის ქვეშ არა მარტო სხვა ოპოზიციური პარტიები, არამედ თვითონ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებიც კი იმყოფებიან, რისი ნათელი მაგალითიც გრიგოლ ვაშაძე გახლავთ. დიახ, ვაშაძე, რომელსაც ბევრი რამის გამო პატივს არ ვცემ, კონსტრუქციული ინიციატივით გამოვიდა – ქუჩის პროტესტი პოლიტიკური დიალოგით უნდა ჩავანაცვლოთო, რის გამოც მისივე თანაგუნდელებმა შეაჩვენეს და, როგორც ახლა იტყვიან, დააბულინგეს.

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირის ქვეყნებს არ სურთ და არ სჭირდებათ, სააკაშვილი ხელისუფლებაში დაბრუნდეს, ახალი კატაკლიზმები გამოიწვიოს და რუსეთი იმაზე დიდი დოზით შემოიყვანოს საქართველოს ტერიტორიაზე, ვიდრე ეს 2008 წელს გააკეთა.

სააკაშვილის, როგორც დესტაბილიზაციის ფაქტორის საქართველოში დაბრუნება მხოლოდ რუსეთს აძლევს ხელს და ის სცენარიც, რომელსაც ახლა “ნაციონალური მოძრაობა” მიჰყვება წმინდა წყლის რუსული სცენარია”, – განაცხადა კვირკველიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები