კახა კალაძე: მე იქ ვიყავი უეფა-ს დელეგაციისა და ფეხბურთის ფედერაციის მიერ მიწვეული
გუშინ ძალიან ახლოს ვიდექით ჩვენი 30-წლიანი საფეხბურთო ოცნების ახდენასთან, ევროპის ჩემპიონატზე თამაშთან, ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.
“გუშინდელმა დღემ გული დაწყვიტა ჩვენი ნაკრების ყველა გულშემატკივარს, ბევრის თვალზე ვიხილეთ ცრემლი.
გუშინ ძალიან ახლოს ვიდექით ჩვენი 30-წლიანი საფეხბურთო ოცნების ახდენასთან, ევროპის ჩემპიონატზე თამაშთან. სამწუხაროდ, ვერ მოვიგეთ, რამაც თითოეულ ჩვენგანს გული გვატკინა.
გუშინდელმა დღემ გული დაწყვიტა ჩვენი ნაკრების ყველა გულშემატკივარს, რომლებიც ფეხბურთის და ჩვენი ქვეყნის სიყვარულმა, ჩვენი გამარჯვების ჟინმა გააერთიანა.
გუშინ ბევრი მათგანის თვალზე ვიხილეთ ცრემლი და ეს ემოცია ყველაზე დიდ დაფასებას იმსახურებს.
გუშინ, ერთ-ერთი ასეთი გულანთებული ადამიანი საკანონმდებლო რეგულაციების საფუძველზე დაჯარიმდა, რამაც ადამიანების გულწრფელი აღშფოთება გამოიწვია.
ფეხბურთის და საკუთარი ქვეყნის ნაკრების ასეთი გულშემატკივრობა, დაფასებას იმსახურებს და ჩემი აზრით ჯარიმა ამ ადამიანის ოჯახს ტვირთად არ უნდა დააწვეს.
ამიტომ პირობას ვიძლევი, ამ ადამიანს პრობლემა არ შეექმნება და კანონის მოთხოვნების სრული დაცვით შევძლებთ ამ პრობლემის გადაჭრას.
რაც შეეხება ჩემს სტადიონზე ყოფნას, მინდა გავმარტო, რომ მე იქ ვიყავი “უეფა”-ს დელეგაციის და ფეხბურთის ფედერაციის მიერ მიწვეული, სხვა ვეტერან ფეხბურთელებთან ერთად.
სტადიონზე ვიმყოფებოდი ჩემი განვლილი ცხოვრებიდან და საფეხბურთო კარიერიდან გამომდინარე და არა როგორც პოლიტიკოსი ან ქალაქის მერი.
ეს არ იყო არც რაიმე სახის პრივილეგია, „ჩაწყობა“, “ჩინოვნიკობა”, ან რამე უკანონო ქმედება.
“უეფა”-სგან და ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან მივიღე მოსაწვევი, როგორიც ყველა სხვა მატჩეზეც მომდის-ხოლმე. ეს მოსაწვევი დამატებით სამი პირის თანხლების უფლებას მაძლევდა.
უცნაური ის იქნებოდა მე და სხვა ვეტერანი ფეხბურთელები, ბიჭების გვერდში, რომ არ ვმდგარიყავით ამ უმნიშვნელოვანეს წუთებში!” – წერს კახა კალაძე.