ზაზა ფირალიშვილი: ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, მაგრამ არა იმ ფორმით, როგორც ოპოზიცია გვთავაზობს

ხელისუფლება და მმართველი პარტია საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურისთვის ემზადება. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და რიგგარეშე არჩევნებს ითხოვს. მედიატორის როლი დაპირისპირებულ მხარეებს შორის აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებმა იკისრეს. გამოიღებს თუ არა მათი მცდელობა შედეგს – ამ საკითხზე „კვირა“ პოლიტოლოგ ზაზა ფირალიშვილს ესაუბრა.

-არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციასა და ხელისუფლების პოზიციების დაახლოებას აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩები ცდილობენ. რა მოლოდინი გაქვთ?

დიდი ალბათობით, დაახლოება მოხდება. შეუძლებელია ასეთი ხისტი პოზიციების შენარჩუნება. მე მესმის, რომ ტრადიციულად ჩვენს პოლიტიკაში არის ხოლმე ასეთი რადიკალური დაპირისპირებები, მაგრამ შეუძლებელია, დაახლოება არ მოხდეს. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ ჩვენ გარშემო არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებას. არსებული რეალობა ნორმალური სახელმწიფოებრივი ცხოვრების ფარგლებში დაბრუნებას მოითხოვს.

-პიზიციების დაახლოებაში თქვენ რას გულისხმობთ, ხმების უფრო სკურპულიოზურ გადათვლას თუ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს?

მე ეჭვი მეპარება, რომ ახლა რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს. მოლოდინი მაქვს, რომ ოპოზიცია დათანხმდება გადათვლას.

-ოპოზიციის პრეტენზიები თქვენვის რამდენად არგუმენტირებულია?

გადაჭრით არაფრის თქმა არ შემიძლია, ვინაიდან არ ვიცნობ დოკუმენტებს, რომლებითაც გაყალბება დასტურდება. საქმე ისაა, რომ გაყალბება და მონაცემების დამახინჯება ტრადიციად გვექცა. იქნებ ამ ისტორიამ მაინც ამ ტრადიციას წყალი შეუყენოს.

-გაყალბების თავიდან აცილების ერთ-ერთ საშუალებად ესტონური მოდელი, ანუ ხმის ელექტრონულად მიცემა სახელდება. გამოდგება ეს მეთოდი საქართველოს რეალობაში?

მოდით, რეალისტები ვიყოთ. ჩვენ გვაქვს მთელი რიგი რეგიონები, სადაც ელექტრონული ხმის მიცემა შეუძლებელია იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ასეთ რეგიონებში, უბრალოდ, ინტერნეტზე წვდომა არ აქვთ. გადა ამისა, საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს შესაბამისი უნარ-ჩვევებიც არ აქვს. ინტერნეტთან მუშაობა არ იციან. ეს იმას ნიშნავს, რომ ვიღაც შუამავლები გაჩნდებიან, რომლებიც, დიდი ალბათობით, გავლენას მოახდენენ მათზე და, შესაბამისად, ხმის მიცემის პროცესზე.

-ოპოზიციის რაღაც ნაწილსა და ცალკეულ ლიდერებში უკვე შეიმჩნევა, რომ ისეთი კატეგორიულები აღარ არიან, როგორც – თავდაპირველად. ეს რას ნიშნავს?

ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან ბევრი ძალაა ამ პროცესებში ჩართული, რომლებსაც პოლიტიკური წარმატების შანსი არც არასდროს ჰქონიათ. პროტესტანტებს შორის არის ორი-სამი რადიკალური ძალა, რომელსაც მხოლოდ დაპირისპირებისა და კვაზირევოლიციის პირობებში აქვს რაღაც შანსი, ზედაპირზე იყვნენ. ასე რომ, ყოველთვის იქნება ისეთი, ვინც ხელს შეუშლის დიალოგსა და მოლაპარაკებების პროცესს. თუმცა, გამოჩნდებიან ისინიც, ვინც დიალოგს ანიჭებს უპირატესობას.

-რას ფიქრობთ, რევოლუციური განწყობა არის საზოგადოებაში?

რევოლუციური განწყობა ნამდვილად არ არის საზოგადოებაში და ეს 8 ნოემბრის აქციაზეც გამოჩნდა. დღეს შეუძლებელია სატელევიზიო ვირტუალური მანიპულაციებით რევოლუციის მოწყობა, როგორც ეს 2003 წელს მოხდა. დღეს ეს შეუძლებელია, ვინაიდან რიგითი მოქალაქე უფრო ფრთხილია, ეჭვიანი და ეშმაკიც – კარგი გაგებით. საზოგადოებამ დიდი გამოცდილება შეიძინა და მისი იოლად აგდება აღარ გამოვა. ოპოზიციის 600 თუ 700 ათასი ხმა იმას კი არ ნიშნავს, რომ მათ რევოლუცია უნდათ და ყველაფრის ფასად ხელისუფლების შეცვლა. 1992-მა, 2003-მა და ნაწილობრივ 2012-მა წელმაც აჩვენა, რომ რევოლუციურ ცვლილებებს დიდწილად კარგი არაფერი მოაქვს. ცვლილება უნდათ ადამიანებს, ოღონდ – მიღებული და დადგენილი წესების ფარგლებში. ამ ყველაფრის ფონზე სამწუხაროა, რომ ჩვენი პოლიტიკოსები ვერ და არ იზრდებიან. ისინი ერთსა და იმავე სიმღერას იმეორებენ და ამიტომ არაფერი გამოუვათ. ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, მაგრამ არა იმ ფორმით, როგორც ოპოზიცია გვთავაზობს. ალბათობა იმისა, რომ ამას მოჰყვეს უარესი, ძალიან დიდია. რევოლუცია ძალიან ბევრ რამეს ფარავს, მალავს. ძალიან ბევრი ადამიანი ამოეფარება მაღალ იდეალებს და მერე სარგებლობს ამით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები