დავით მუჯირი: ფეხბურთის ფედერაციასთან შეკრებილი იყო პროვოკატორთა ჯგუფი – ვისურვებდი, ერთა ლიგის დარჩენილი ორი მატჩის წინ ნაკრებმა გულშემატკივრისგან მხარდაჭერა იგრძნოს

“ფეხბურთის ფედერაციასთან შეკრებილი პროვოკატორთა ჯგუფის შესახებ კომენტარს არ გავაკეთებ”, – ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა განაცხადა.

მისი თქმით, ქართველ გულშემატკივარს არავინ დაპირისპირებია.

„იყო დიდი შანსი, რომ ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გასულიყო, თუმცა, მაკედონიასთან დავმარცხდით. სწორედ ამას ელოდა პროვოკატორთა ჯგუფი, რომელიც ფეხბურთის ფედერაციასთან შეიკრიბა. მათ მოქმედებას კომენტარის გარეშე დავტოვებ.

რაც შეეხება ქართველ გულშემატკივარს, მას არავინ დაპირისპირებია. მესმის, რომ ქომაგი გულდაწყვეტილია, მაგრამ ვისურვებდი, რომ ერთა ლიგის დარჩენილი ორი მატჩის წინ ნაკრებმა გულშემატკივრისგან მხარდაჭერა იგრძნოს. ჩვენს გუნდს ხომ ჯგუფური ეტაპის მოგებისა და B ლიგაში გადასვლის კარგი შანსი აქვს.”

დავით მუჯირი მთავარი მწვრთნელის, ვლადიმირ ვაისის ნაკრებიდან წავლასაც გამოეხმაურა:

„ვლადიმირ ვაისმა განცხადება ემოციურ ფონზე გააკეთა. ცხადია, მანაც ძალიან განიცადა მაკედონიასთან წაგება. მწვრთნელს წასვლა აქვს გადაწყვეტილი, თუმცა, ამ თვეში საქართველოს ნაკრებს ორი მატჩი ელის და მწვრთნელის წასვლის საკითხს ამ შეხვედრების შემდეგ განვიხილავთ”, – განაცხადა დავით მუჯირმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები