შოთა არველაძე: ეს მარცხი კარგ გამოცდილებად უნდა ვაქციოთ, ფსიქოლოგიურმა ზეწოლამ და ცარიელმა ტრიბუნებმა ფეხბურთელებზე ყველაზე მეტად იმოქმედა

საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, შოთა არველაძე ეროვნული გუნდის გუშინდელ მატჩს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
არველაძის თქმით, ამხელა ქალაქში, ამხელა სტადიონზე გულშემატკივრის დაშვების ორგანიზება შეიძლებოდა.
„ძალიან სამწუხაროდ და ყველასთვის გულსატკენად დასრულდა მატჩი, რომელსაც 2 წელი ველოდით. თუმცა, რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ – ასეთი მნიშვნელობის მატჩი ჯერ ამ ნაკრებს, ამ ფეხბურთელებს არ უთამაშიათ.
ასეთმა წნეხმა, პასუხისმგებლობამ, ფსიქოლოგიურმა ზეწოლამ და ცარიელმა ტრიბუნებმა ფეხბურთელებზე ყველაზე მეტად იმოქმედა. ნამდვილად ვერ მოვიწონებ და ვერ დავეთანხმები გადაწყვეტილებას სტადიონზე გულშემატკივრის არდაშვების შესახებ. ეს ჩვენი მთავარი იარაღი უნდა ყოფილიყო.
ვალდებულები ვიყავით, ეს ფაქტორი ჩვენ სასიკეთოდ გამოგვეყენებინა. ამხელა ქალაქში, ამხელა სტადიონზე ამის ორგანიზება შეიძლებოდა.
გულშემატკივარი იმსახურებდა ამ მატჩზე ყოფნას და ფეხბურთელებიც იმსახურებდნენ მათ მხარდაჭერას. მიუხედავად მძიმე შედეგისა, ეს მარცხი კარგ გამოცდილებად უნდა ვაქციოთ და უნდა ვცადოთ, რომ ამ რანგის მატჩები კიდევ ვითამაშოთ. არც აქამდე გავსულვართ დიდ საფეხბურთო ფორუმზე, არც ჯგუფური ეტაპი მოგვიგია და არც ფინალში გვითამაშია.
ამიტომ, სწორი დასკვნები უნდა გავაკეთოთ და იმ მიზნისკენ სიარული, რომელსაც ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში ჰქვია, გუშინდელი დღით არ უნდა დავასრულოთ. მოდის თაობა, რომელიც ამას მიაღწევს“, – დაწერა შოთა არველაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა გუშინ ევროპის საკვალიფიკაციო ფინალური მატჩი ჩრდილოეთ მაკედონიასთან 0-1 დათმო.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები