გიგი უგულავა: ღია კარის მტვრევას არავინ აპირებს – ხელისუფლებამ დაინახა, რომ პოლიტიკური ოპოზიცია ერთიანია

“ხელისუფლებამ დაინახა ერთი რამ, რომ პოლიტიკური ოპოზიცია არის აბსოლუტურად ერთიანი თავის პოზიციაში, არავინ აპირებს ამ პოზიციის დათმობას, არავინ აპირებს გვერდზე გახედვას ან გახტომას”, –ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა, რომელიც „ლელოს“ ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეკრებას ესწრება.

მისი თქმით, ოპოზიცია ერთიანი და მტკიცეა.

„ვანგა არ ვარ, რომ ვიწინასწარმეტყველო, ივანიშვილის ქცევა რა იქნება ბოლოს. მაგრამ ჩვენ, საზოგადოებამ ვნახეთ შარშან, იმ მეგაგადაგდების შემდეგ, ზუსტად ასე ჭირვეულობდა, იჭერდა ხალხს, არბევდა, მაგრამ, საბოლოოდ, მაინც მოუწია მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა და კომპრომისის გამონახვა საკუთარ ხალხთან. ამიტომ, მე იმედი მაქვს ჩვენი ბრძოლის, რომელიც სწორედ რომ ემსახურება იმ ორ მილიონამდე ადამიანის ხმების დაცვას, ვინც პანდემიის მიუხედავად მოვიდა და არჩევანი გააკეთა.

მათ მოიპარეს არჩევნები და მორალური უპირატესობა საზოგადოებისა და ჩვენს მხარეს არის, ამიტომ, პირობებზე აქ საერთოდ საუბარი არ არის. თუ იქნება ხელშესახები პროგრესი და თუ იქნება ის შედეგი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ და მივაღწევთ არჩევნებს, ღია კარის მტვრევას არავინ აპირებს. მაგრამ, ჯერჯერობით, ამაზე საუბარი ნაადრევია. შეხვედრა იყო, ასე ვთქვათ, მოთელვითი ხასიათის. ხელისუფლებამ დაინახა ერთი რამ, რომ პოლიტიკური ოპოზიცია არის აბსოლუტურად ერთიანი თავის პოზიციაში, არავინ აპირებს ამ პოზიციის დათმობას, არავინ აპირებს გვერდზე გახედვას ან გახტომას, ერთიანია და მტკიცე პოზიცია არშესვლასთან დაკავშირებით პარლამენტში. ეს არის მთავარი წნეხი საზოგადოების პროტესტთან ერთად, რაც საბოლოო გამარჯვებამდე მიგვიყვანს“, – აცხადებს გიგი უგულავა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები