ქართული ღვინის ბრენდის – Lost Eden-ის პროდუქცია აშშ-ის ოთხ შტატში გაიყიდება

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქართული ღვინის ბრენდის – Lost Eden პროდუქცია აშშ-ის ოთხ შტატში გაიყიდება.

ამერიკის უმსხვილესი სადისტრიბუციო კომპანია Southern Glazer’s Wine & Spirits საქართველოდან Lost Eden-ის წითელ ღვინოებს დელავერში, ფლორიდაში, პენსილვანიასა და ნიუ ჰემფშირში წარადგენს.

ბრენდი Lost Eden შექმნილია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს „საპარტნიორო ფონდთან” თანამშრომლობით და მუშაობს ექსკლუზიურად ამერიკის შეერთებული შტატების ბაზრისთვის. პროექტის მიზანია, ქართული ღვინის ბაზრების დივერსიფიკაცია, რათა ქართული ღვინის ექსპორტი არ იყოს დამოკიდებული ერთ, რომელიმე ბაზარზე, რაც დარგის განვითარების უმთავრესი წინაპირობაა.

,,აღსანიშნავია ასევე, რომ აღნიშნული ბრენდისთვის მსოფლიოს უმსხვილეს, ონლაინ ღვინით ვაჭრობის პლატფორმაზე wine.com-ზე შეიქმნა კატეგორია Country of Georgia. ქართული ღვინის კატეგორია ამ დრომდე აღნიშნულ პლატფორმაზე არ არსებობდა.

ქართული კომპანია ამერიკის ათობით ციფრული მედიის ყურადღების ქვეშ მოექცა. მათ შორის აღსანიშნავია: https://finance.yahoo.com, https://www.businesswire.com და სხვა.

Lost Eden -ის მიერ ამერიკის შეერთებულ შტატებში უკვე 20 ათასამდე ბოთლი ღვინოა რეალიზებული.
ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც ბოლო 5 წელია ექსპორტი სტაბილურად მზარდია. მიმდინარე წლის 10 თვეში, საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია 804 ათასი ბოთლი ღვინო, რაც 33%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს”, – ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები