ლავროვი: მთიანი ყარაბაღის სტატუსის განხილვა ეთნოკონფესიული ჯგუფების უფლებების უზრუნველყოფის ჭრილში უნდა მოხდეს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, მთიანი ყარაბაღის სტატუსი არ განისაზღვრება, ვიდრე დევნილი მოსახლეობის უფლებების უზრუნველყოფა არ მოხდება.

ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უცხოურ მედიასაშუალებებთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ წინ გველის მთიან ყარაბაღსა და მის გარშემო მდებარე რაიონებში ომისა და შემდგომი პერიოდის განმავლობაში იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილების დაბრუნების საკითხის გადაჭრა. ასე რომ, მთიანი ყარაბაღის სტატუსი არ არის განსაზღვრული. ჩვენ გამოვდივართ იქედან, რომ ეს სტატუსი განისაზღვრება იმის გათვალისწინებით, თუ რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ ყველამ, რათა დავეხმაროთ მთიან ყარაბაღში ეთნოკონფესიული თანხმობის აღდგენას, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში არსებობდა, ვიდრე საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ არ დაიწყო ომი, რომლის სამწუხარო შედეგებსაც ახლა ვიმკით. მთიანი ყარაბაღის სტატუსის განსაზღვრა შესაძლებელი გახდება მას შემდეგ, რაც გაირკვევა, რა უფლებები მიენიჭება მათ, ვინც მთიან ყარაბაღში ცხოვრობდა და აქვს იქ დაბრუნების უფლება. რა თქმა უნდა, მათაც, ვინც ამ ხნის განმავლობაში რჩებოდა ამ ტერიტორიაზე. ეს ეხება, როგორც აზერბაიჯანელებს, ისე – სომხებსაც“, – განაცხადა ლავროვმა.

მისივე თქმით, მთიანი ყარაბაღის სტატუსის განსაზღვრის პროცესი რთული იქნება და კონკრეტული ვადა უცნობია.

„ჩვენ არ ვასახელებთ რაიმე ვადას. ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ აზერბაიჯანელ დევნილებს ექნებათ საშუალება, დაბრუნდნენ მთიანი ყარაბაღის სამხრეთ ნაწილში, მათ შორის, შუშის რაიონში. ჩვენი მშვიდობისმყოფლები შუშის რაიონშიც დაიცავენ უსაფრთხოებას. ამით დაინტერესებულები არიან ჩვენი აზერბაიჯანელი და სომეხი კოლეგები. ხოლო იქ არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენის პროცესში ჩავრთავთ იუნესკო-ს“, – განაცხადა ლავროვმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები