სომხეთში, ფაშინიანის გადაყენების მოთხოვნით, ოპოზიციას პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევა სურს
სომხეთის პარლამენტის ფრაქცია “აყვავებული სომხეთის” დეპუტატებმა, აქციის მონაწილეებთან ერთად, პარლამენტის შენობასთან მსვლელობა გამართეს. კანონმდებლებმა განაცხადეს, რომ რიგგარეშე სესიის მოწვევა უნდათ.
დღეს ერევნის ცენტრში, საომარი მდგომარეობის მიუხედავად, ოპოზიციამ საპროტესტო აქციის ორგანიზება შეძლო, რომელზეც, ძირითადად, პრემიერ ნიკოლ ფაშინიანის თანამდებობიდან წასვლის მოთხოვნა ისმოდა.
პარლამენტის შენობასთან დეპუტატმა ნაირა ზოგრაბიანმა შეკრებილებს უთხრა, რომ შენობაში შედის.
“განმანათლებლური სომხეთის” დეპუტატებო, გელოდებით პარლამენტში! ჩვენი კოლეგები “ჩემი ნაბიჯიდან”, პირად საუბრებში ამბობენ, დაიწყეთო ფაშინიანის იმპიჩმენტის პროცედურა, ჩვენ კი ბოლო მომენტში ჩავერთვებითო. ნუ დაველოდებით ბოლო მომენტს. ყველას შენობაში გელოდებით”, – თქვა დეპუტატმა.
შეკრებილები ზოგრაბიანის სიტყვებს ტაშით შეხვდნენ.
ამჟამად, ისინი პარლამენტის შენობასთან ყოფნას აგრძელებენ, პატრიოტულ სიმღერებს ასრულებენ და “ნიკოლ, წადი” სკანდირებენ.