ზაალ ანჯაფარიძე: ოპოზიციურ ამომრჩეველს სააკაშვილისა და გვარამიას მძევლობისთვის ხმა არ მიუცია

თურქეთი კარგა ხანს ფეხის მოცვლას აღარ აპირებს  კავკასიიდან

მთიან ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებზე, საქართველოს როლსა და ფუნქციაზე ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაში, მაიკ პომპეოს მოსალოდნელ ვიზიტზე საქართველოში ,,კვირა“ პოლიტოლოგ ზაალ ანჯაფარიძეს ესაუბრა.

– უახლოეს წლებში ყარაბაღის კონფლიქტის შედეგები რა გავლენას იქონიებს საქართველოზე?

– 3- კვირიანმა სამხედრო ოპერაციამ, რომელიც აზერბაიჯანის  გამარჯვებით დასრულდა, არცთუ სასურველი შედეგი მოუტანა საქართველოს. სამწუხაროდ, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ჩვენ  კავკასიაში აღიარებული ლიდერის პოზიცია დავკარგეთ. ახლა კავკასიის ლიდერ სახელმწიფოდ გამარჯვებული აზერბაიჯანი იქცა, რომელმაც საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის საკითხი სამხედრო ძალით გადაწყვიტა.

-30-წლიანმა სამშვიდობო მოლაპარაკებებმა მინსკის ფორმატში  შედეგი ვერ გამოიღო. რომ არა სამხედრო ძალა, ყარაბაღის კონფლიქტი კიდევ კარგა ხანს დარჩებოდა დაკონსერვებული?

-ყარაბაღის შემთვევაში, სამხედრო ძალამ სამშვიდობო პროცესებს აჯობა. ჩვენი ქვეყნისთვის უფრო მნიშვნელოვანია ამ სამხედრო ოპერაციის შედეგები, ვიდრე – თავად ფაქტი. კავკასიის რეგიონში გაძლიერდა როგორც თურქეთის, ისე – რუსეთის ფაქტორი. რუსი სამშვიდობოები და თურქი მონიტორები ერთნაირად გააკონტროლებენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების აღსრულებას. ეს ნიშნავს თურქეთის შემოსვლას კავკასიაში, რომელიც მხოლოდ ამ გამარჯვებით არ დაკმაყოფილდება.

-თურქეთი მთელი 30 წლის განმავლობაში არ ჩარეულა ყარაბაღის კონფლიქტში. რა გახდა მისი ბოლოდროინდელი გაქტიურების მიზეზი?

– სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიტის მედიატორები მეოთხედ საუკუნეზე მეტი რუსეთი, საფრანგეთი და ამერიკის შეერთებული შტატები იყვნენ. თურქეთი დაინტერესებულ მხარედ არასდროს მოიაზრებოდა. 2020 წლიდან ის კავკასიაში მთავარი მოთამაშის როლში  მოგვევლინა და, როგორც ჩანს, მიღწეულით არც უახლოეს მომავალში დაკმაყოფილდება. რადგან თურქეთმა ერთხელ ფეხი ჩადგა კავკასიაში,  ამ პოზიციას აღარ დათმობს.

-როგორი უნდა იყოს საქართველოს პოზიცია კონფლიქტის ამოწურვის შემდეგ?

-ყველა შემთხვევაში, ნეიტრალიტეტი უნდა შევინარჩუნოთ, მაქსიმალურად შევეცადოთ – ის პოლიტიკური რყევები, რომელიც ახლა რეგიონშია, საკუთარ ტერიტორიაზე არ გადმოვიტანოთ.

-შესაძლებელია, ყარაბაღიდან წამოსული ლტოლვილების ნაკადი საფრთხეს წარმოადგენდეს ჩვენთვის?

-ყარაბაღიდან საქართველომდე 560 კილომეტრია. ლტოლვილთა ნაკადი აუცილებლად  სომხეთს მიაშურებს.

-აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკიდან გაჟღერდა ინფორმაცია, თითქოს, იქაური სომხური დიასპორა  ლტოლვილებს აფხაზეთის ტერიორიაზე ეპატიჟება. რამდენად სერიოზულია ეს შეთავაზება?

-არ მგონია, აფხაზები ისე გაბრიყვდნენ, სომხურ დიასპორას ამის საშუალება მისცენ. ისინი ძლივს ინარჩუნებენ დემოგრაფიულ ბალანსს, მცირედ ეთნიკურ უპირატესობას თვით აფხაზეთის ტერიტორიაზე. აფხაზი ერისთვის დამღუპველი იქნება ამ ტერიტორიაზე თუნდაც  ლტოლვილთა მცირე ნაკადის მიღება, თეორიულ დონეზეც კი.

-ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსი არაოფიციალურად, საკუთარ ინტერნეტგვერდზე გამოთქვამს ვარაუდს, რომ, აზერბაიჯანის მაგალითზე, საქართველოსაც აქვს  შანსი, სამხედრო ძალით დაიბრუნოს ოკუპირებული ტერიტრიები.

-ვინც ასეთ ვარაუდს გამოთქვამს, ის ბრიყვია და არ შეიძლება, ვუწოდოთ  პოლიტიკოსი და  ექსპერტი. საქართველო არცერთი სამხედრო-პოლიტიკური ბლოკის წევრი არ არის, ამიტომაც, არავინაა ვალდებული, დაგვეხმაროს შეიარაღებულ კონფლიქტში, თუ ასეთ რამეს გადაწყვეტს ქართული ხელისუფლება. 2009 წლის ქართულ-ამერიკული შეთანხმებაც კი, რომელსაც ბუშმა და სააკაშვილმა მოაწერეს ხელი, არასავალდებულოა და სამხედრო ძალის გამოყენებას არ გულისმობს. თუ გახსოვთ, 2008 წელს პრეზიდენტ სააკაშვილს იმედი ჰქონდა, სამაჩაბლოში კონსტიტუციურ წესრიგს აღადგენდა და მას ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალით დაეხმარებოდნენ, თუმცა- მოტყუვდა. მაშინ ბუშის ადმინისტრაციის წევრები და კონდოლიზა რაისი წერდნენ,  რომ არ გამოეყენებინათ ამერიკული ავიაცია და დაებომბათ როკის გვირაბი. თუმცა, გაფართოებული თათბირის შემდეგ, გადაწყვეტილებაზე ხელი აიღეს, რადგან საქართველოს დახმარება რუსეთთან დაპირისპირებას ნიშნავდა და ამერიკა, საქართველოს გამო, რუსეთთან ომს ვერ დაიწყებდა.   აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კონფლიტის გადაწყვეტა მხოლოდ მშვიდობიანი მოლაპარაკებების შედეგად იქნება შესაძლებელი და ყოველგვარ საომარ ოპერაციაზე ლაპარაკი არასერიოზულია.

-ყარაბაღის ომის შედეგები საქართველოს ენერგოუსაფრთხოებას სერიოზულად დააზარალებს?

-ერთი შეხედვით, საქართველო შესაძლოა, კარგავდეს ენერგეტიკული დერეფნის ფუნქციას, თუმცა, უფრო ღრმა ანალიზი გვაჩვენებს, რომ მთლად ასეც არ უნდა იყოს საქმე. საქართველოში განხორციელებული ენერგეტიკული პროექტების უკან დგანან ისეთი დიდი ქვეყნები და მათი ინტერესები, როგორებიცაა ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპის უძლიერესი ქვეყნები, რომლებისთვისაც ჩვენი ქვეყანა სტრატეგიული პარტნიორი და ბუნებრივი მოკავშირეა. ყველაზე დიდ საშიშროებას  მაინც აზერბაიჯანულ-ქართული საზღვრის დადგენის საკითხში ვხედავ.

-თქვენ ფიქრობთ, რომ ქართულ-აზერბაიჯანული მოლაპარაკება დავით გარეჯის საკითხზე ჩიხში შევა?

-დღეს აზერბაიჯანი საკუთარი ძლევამოსილების პიკზეა. დადო სერიოზული პოლიტიკური შედეგი და მოიპოვა სამხედრო გამარჯვება. მგონია, რომ ასე იოლად გარეჯის სადავო საზღვარს არ დათმობს, შეიძლება, მისი პოლიტიკური ტონი გამკაცრდეს და აღარც კი იყოს მეგობრული.

-აზერბაიჯანის ამ სამხედრო გამარჯვების უკან მაინც ,,დიდი ძმა“, თურქეთი მოიაზრება…

-რომ არა თურქული სამხედრო ტექნიკა და, როგორც ამბობენ, ფიზიკური ძალაც კი, აზერბაიჯანი  გამარჯვებას ვერ მოიპოვებდა. აზერბაიჯანმა და თურქეთმა ამ ოპერაციამდე ცოტა ხნით ადრე ერთობლივი სამხედრო წვრთნა ჩაატარეს  და თურქული სამხედრო ტექნიკა შემოიყვანეს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, რომელიც აქვე დატოვეს და აღარ გაუყვანიათ. ყარაბაღის მოვლენები იყო კარგად გათვლილი სპეცოპერაცია და კარგად შერჩეული დრო, როდესაც არც ევროპას (კორონავირუსის ფონზე), არც ამერიკის შეერთებულ შტატებს (პანდემიისა და არჩევნების გათვალისწინებით) და არც რუსეთს თურქეთ-აზერბაიჯანითვის არ ეცალათ.

-17-18 ნოემბერს მაიკ პომპეო საქართველოში ჩამოდის. გაცხადებული მიზნის გარდა, რა კულუარული მოლოდინები გვაქვს მის ვიზიტთან დაკავშირებით?

-გარდა კავკასიის რეგიონში შექმნილი ახალი გეოპოლიტიკური რეალობისა, სასაუბრო თემა, სავარაუდოდ, იქნება ქართული ოპოზიციის დემარში და პოლიტიკური პროცესების ჩიხიდან გამოყვანის მცდელობა, რადგან შიდაპოლიტიკურმა პოცესებმა უკვე სახიფათო ნიშნულს მიაღწია. შესაძლოა, ამ დესტაბილიზაციით ისარგებლოს რუსეთმა და მოვლენების უმართავ სიტუაციაში გადაზრდა სცადოს. პომპეო მხარეებს სერიოზული დილოგისა და კომპრომისისკენ მოუწოებს. ზუსტად  რა შედეგი მოჰყვება მის ვიზიტს, მაშინ გაირვევა, როცა მხარეები მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდებიან.

-ასეთი პოლიტიკური დაძაბულობა წლის დასაწყისში ერთხელ უკვე განმუხტეს ამერიკელმა და ევროპელმა დიპლომატებმა. სიტუაცია მეორდება?

-დიახ, საარჩევნო კანონთან დაკავშირებით პოზიცია და ოპოზიცია სწორედ უცხოელთა შუამავლობით შეჯერდა. არ მგონია,  ხელახალი არჩევნების მოთხოვნას რომელიმე დიპლომატმა მხარი დაუჭიროს, რადგან მათ უკვე აღიარეს 31 ოქტომბრის არჩევნების კანონიერება. შესაძლოა, კომპრომისულ ვარიანტად ხმების ხელახალ გადათვლას დათანხმდნენ, რომელიც იმდენად გამჭვირვალედ უნდა ჩატარდეს, რომ ეჭვის საფუძველი აღარავის დარჩეს და აღარც ზედმეტი კითხვები გაუჩნდეს ვინმეს. მას შემდეგ, რაც ოპოზიციის ლიდერებმა ქუჩაში გადაინაცვლეს და განაცხადეს, რომ პარლამენტში არ შევლენ, მომხრეთა საკმაოდ დიდი ნაწილი დაკარგეს. იმ ოპოზიციურ ამომრჩეველს, რომლებმაც პატარა პარტიებს მისცეს ხმა, ექმნება შთაბეჭდილება, რომ მთელი ოპოზიცია ახლა სააკაშვილისა და გვარამიას მძევალია, მათ კი ამ მძევლობისთვის არ მიუციათ ხმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები