მდინარაძე – ვაშაძის განცხადებაზე: მოდი, ჯერ ჩამოყალიბდნენ და საპასუხო, შემხვედრი რეაქციაც იქნება ჩვენი მხრიდან
“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ოპოზიციურ სპექტრში დიდი დაბნეულობაა.
მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” პოზიციაში უნდა ჩამოყალიბდეს და მხოლოდ ამის შემდეგ უპასუხებს მათ “ქართული ოცნება.”
“დღეს, რასაც ვხედავთ არის ოპოზიციურ სპექტრში არის ძალიან დიდი დაბნეულობა. მე, პირადად, ჯერჯერობით, ვერ გავერკვიე ვინ, რა განცხადებას აკეთებს. ისინი აბსოლუტურად ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ მთელი დღის განმავლობაში. თავად ვაშაძის განცხადებებიც გამორიცხავდა ერთმანეთს, თუმცა სანამ აქ შემოვიდოდი 2 წუთით ადრე მითხრეს, რომ ნიკა გვარამიას ციტირებამ დაასწრო თავად ვაშაძის განცხადებას, ეს არის თუ არა სწორი ინფორმაცია, არ ვიცი, როგორც მეუბნებიან 10 წუთით დაასწრო ნიკა გვარამიამ და ამის შემდეგ გამოქვეყნდა დამატებით ვაშაძის განცხადება. აქ რა ხდება არ ვიცი, ალბათ ისინი ერთმანეთში გაერკვევიან. გაერკვიონ და თუ მათი მესიჯი ნამდვილად არის კონსტრუქციულობა, ამას ვამბობთ ჩვენ და ამას ამბობენ ჩვენი უცხოელი პარტნიორებიც. ზოგადად, კონტრუქციულობასთან დაკავშირებით პრობლემები არავის არ უნდა ჰქონდეს. მოდი ჯერ ჩამოყალიბდნენ და საპასუხო, შემხვედრი რეაქციაც ბუნებრივია, იქნება ჩვენი მხრიდან”,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, სააგენტო “ნიუპოსტმა“ გრიგოლ ვაშაძის სახელით მიმართვა გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ვაშაძე მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომასა და ქუჩის საკონონმდებლო ორგანოს ტრიბუნით ჩანაცვლებაზე საუბრობს. მოგვიანებით ვაშაძემ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა: “დამატებით განვმარტავ: 1. მოქალაქეთა პროტესტი უნდა გაგრძელდეს; 2. ამ პროტესტს სასწრაფოდ უნდა დაემატოს პოლიტიკური კომპონენტი – სამართლიანი არჩევნების პრინციპების განხორციელების თაობაზე მოლაპარაკებების სახით სტრატეგიული მოკავშირეების მედიაციით; 3. სანამ/თუ მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდება, არც მეორე ტურში მონაწილეობას არ ვღებულობთ და არც პარლამენტში არ შევდივართ; 4. ერთხელ და სამუდამოდ ყველა უნდა დავიძაბოთ, რომ მომავალში ქუჩის პროტესტმა ნორმალური პროცესი არ ჩაანაცვლოს არჩევნების გაყალბების გამო”.