“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ეუთო/ოდირ-თან ჩატარებულ სამუშაო შეხვედრაზე, არჩევნების მეორე ტურის ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
მისივე თქმით, პანდემიის მიუხედავად, საქართველომ დემოკრატიული არჩევნების ჩატარება შეძლო.
“ჩვენ გვქონდა მორიგი სამუშაო შეხვედრა ეუთო/ოდირ-ის სადამკვირვებლო მისიასთან. ჩვენ განვიხილეთ მეორე ტურის ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხები და, ასევე, ის მონაცემები, რომლებიც უკვე არსებობს 39 უბნის გადათვლასთან დაკავშირებით, სადაც ცესკო-მ კანონმდებლობის სრული დაცვით გადათვალა ის ძირითადი უბნები, სადაც კითხვის ნიშნები იყო. ამასთან, უნდა აღვნიშნოთ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გუშინდელი განცხადება, სადაც მათ განაცხადეს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა. ასევე, ისინი მიესალმნენ ცესკო-ს მხრიდან ინკლუზიურ პროცესს, როდესაც უბნების გადათვლის პროცესი მიმდინარეობდა. არჩევნები პანდემიის ფონზე ჩატარდა, რაც ადვილი ნამდვილად არ იყო, თუმცა, საქართველომ დემოკრატიული არჩევნების ჩატარება მაინც შეძლო. ჩვენ ვემზადებით მეორე ტურისთვის და ახალ პარლამენტში მუშაობისთვის, რომელიც უფრო პლურალისტური იქნება”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.