თორნიკე შარაშენიძე: სწორი და სამართლიანი საქციელი ამ ეტაპზე დიალოგი და კომპრომისი იქნება
“კარგი იქნება, თუკი ოპოზიციასა და ხალხთან სალაპარაკოდ ბიძინა ივანიშვილი წინ აღარ წამოსწევს იმ ფიგურებს, რომელთა ნდობაც დიდი ხანია, აღარ გააჩნიათ და გაღიზიანების მეტს არაფერს იწვევენ”, -ამის შესახებ ექსპერტი, თორნიკე შარაშენიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე სწორი და სამართლიანი საქციელი დიალოგია.
“მოდით თვალი გავუსწოროთ სინამდვილეს.
ერთადერთი ყოფილი ქვეყნის მმართველი, ვისაც გაქცევა არ მოუხდა, იყო შევარდნაძე. ესეც, ძირითადად, იმიტომ, რომ იგი გადადგა და ასაკიდან გამომდინარე პოლიტიკურ საფრთხეს აღარ წარმოადგენდა.
მე არ მინდა, რომ ივანიშვილსაც მოუხდეს გაქცევა, რადგან ეს მარაზმი ოდესღაც უნდა დავასრულოთ და ამ მოჯადოებული წრიდან ოდესღაც უნდა გავიდეთ.
ასევე ეჭვი მაქვს რომ ივანიშვილსაც საქართველოში უნდა ცხოვრება. აქ თავს უფრო კომფორტულად და უსაფრთხოდ გრძნობს და აქაურობაც უყვარს.
გასაგებია, რომ ივანიშვილს ეშინია სააკაშვილის დაბრუნების. მაგრამ თუკი სწორად და სამართლიანად მოიქცევა, მას ვერავინ ვერაფერს დააკლებს მას შემდეგაც, როცა (ოდესღაც) ძალაუფლებას დაკარგავს.
სწორი და სამართლიანი საქციელი კი ამ ეტაპზე იქნება დიალოგი და კომპრომისი. ოღონდ იგი პირადად უნდა ჩაერთოს ოპოზიციასთან მოლაპარაკებებში. ასევე კარგი იქნება თუკი ოპოზიციასთან და (რაც უფრო მნიშვნელოვანია) ხალხთან სალაპარაკოდ ივანიშვილი წინ აღარ წამოსწევს იმ ფიგურებს რომელთაც ნდობა დიდი ხანია აღარ გააჩნიათ და გაღიზიანების მეტს არაფერს იწვევენ.
ივანიშვილმა უნდა გაითვალისწინოს, რომ, უნდა ეს თუ არ უნდა, იგი პოლიტიკაშია ჩართული. პოლიტიკა კი კომპრომისის ხელოვნებაა”, – წერს შარაშენიძე.