დავით ბაქრაძე: ჩვენ ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ!

“ევროპული საქართველოს” ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით,  “ქართულ ოცნებას” არ აქვს უფლება, გადააყოლოს საკუთარ ძალაუფლებას ქვეყნის მომავალი.

“ჩვენ დღეს ვიხილეთ, რომ ეს ხელისუფლება ყველაფერზეა წამსვლელი ძალაუფლების შესანარჩუნებლად. ვნახეთ, რომ გაყალბებულ არჩევნებს დაემატა მშვიდობიანი აქციის წინააღმდეგ ძალის გამოყენება. ჩვენი მთავარი პასუხისმგებლობაა, რომ “ქართულ ოცნებას” არ მივცეთ საშუალება საკუთარ ძალაუფლებას გადააყოლოს ამ ქვეყნის მომავალი და მიგვიყვანოს იმ ზღვარზე, სადაც სამოქალაქო დაპირისპირება იწყება.

ჩვენი გეგმა არის ხაზგასმით მშვიდობიანი, ხაზგასმით კანონიერი. გავაგრძელებთ აქციებს აქაც და რუსთაველზე, გავაგრძელებთ აქციებს სხვა ქალაქშიც. ამ ქვეყანას ვერავინ მართავს გაყალბებული არჩევნებით. ქვეყანას სჭირდება ნორმალური არჩევნები და სამართლიანი ხელისუფლება. ჩვენ ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ!

რაც შეეხება მოლაპარაკებას – ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ჩვენი წითელი ხაზები არის ცნობილი – უნდა იყოს სტაბილურობა და სიმშვიდე, ქვეყანაში უნდა ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები და არჩევნები უნდა ჩატარდეს ძალადობისგან თავისუფალ გარემოში.

არ უნდა დავუშვათ ქვეყანაში ვითარების გამწვავება”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები