ანრი ოხანაშვილი: ხალხმა გადაწყვიტა, რომ ხელისუფლება უნდა დააკომპლექტოს „ქართულმა ოცნებამ”

„ჩვენ არ გვაქვს ენის მოჩლექვით სასაუბრო არავისთან, რადგან წარმოვადგენთ გუნდს მილიონამდე მხარდამჭერით”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” წარმომადგენელმა, ანრი ოხანაშვილმა „რუსთავი 2″-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ხალხმა გადაწყვიტა, რომ ხელისუფლება უნდა დააკომპლექტოს „ქართულმა ოცნებამ”.

„პანდემიის ფონზე, რომელიც დღეს გამოწვევას წარმოადგენს და საჭიროა მისი მართვა, ქართველი ხალხი გვენდო ჩვენ. რომელ პოლიტიკურ კრიზისზეა საუბარი, როცა ჩვენ ჩავაბარეთ ტესტი დემოკრატიულობაში დასავლელი პარტნიორების წინაშე, ჩვენი ამომრჩევლის წინაშე და ოპონენტებთან მიმართებაში.

დღეს კრიზისი უდგათ ოპოზიციურ პარტიებს. „ნაციონალური მოძრაობის” ტყვეობაშია მთელი რიგი ოპოზიციური ჯგუფები. არიან ახალგაზრდა პოლიტიკური პარტიები, რომლებიც არიან ბულინგის ქვეშ „ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან.

თუ გაბედავენ ისინი და საკუთარი ამომრჩევლის ინტერესს დააყენებენ „ნაციონალური მოძრაობის” ინტერესებზე მაღლა, ისინი ასოცირდებიან ისე, რომ თითქოს გარიგდნენ ვინმესთან.

ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა ჩვენი საზოგადოების წინაშე იმაზე, რომ მათი სიცოცხლე და ჯანმრთელობა დავიცვათ პანდემიის ფონზე, გამოვიყვანოთ ამ სიტუაციიდან ქვეყანა და მოვახდინოთ ეკონომიკის სტიმულირება. ეს არის ჩვენი ამოცანა. არავის ეგონოს, რომ შაშკინი და მელია განუსაზღვრავს ვინმეს დღის წესრიგს. „ქართული ოცნების” დღის წესრიგს განსაზღვრავს ხალხი”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები