დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 6 სოფელში წყალმომარაგების ახალი სისტემები მოეწყობა
რეგიონების მასშტაბით წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.
წყალმომარაგების კომპანიამ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 6 სოფლის: საბათლოს, ფიროსმანის, ჭოეთის, თავწყაროს, სამთაწყაროსა და არბოშიკის წყალმომარაგების სისტემის პროექტირება-მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა.
კომპანიის ინფორმაციით, ტენდერში მონაწილოების მსურველებს წინადადებების წარდგენა 20 ნოემბრიდან 25 ნოემბრის ჩათვლით შეეძლებათ.
“აღნიშნულ სოფლებში არ არსებობს წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა, შესაბამისად, არსებული წყლის დებიტი მოსახლოების მოთხოვნილებებს ვერ აკმაყოფილებს.
პროექტის ფარგლებში, რეაბილიტირდება სოფლებში არსებული რეზერვუარები და ჭაბურღილები. გარდა ამისა, მოეწყობა წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა.
გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები 18 თვეში უნდა დაასრულოს. შედეგად, აღნიშნული სოფლების მოსახლოებას, ჯამურად, 2000-ზე მეტ ადამიანს, სტაბილური და ხარისხიანი წყალმომარაგება ექნება.
პროექტს 13 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება”, – ნათქვამია წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციაში.