კახაბერ კუჭავა: ეუთო/ოდირ-ის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე კითხვაც არ დასმულა არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით

“ეუთო/ოდირ-ის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე კითხვაც არ დასმულა არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” წარმომადგენელმა, კახაბერ კუჭავამ ტვ „იმედის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე სიღრმისეულად ისაუბრეს საპარლამენტი არჩევნებთან დაკავშირებით.

„საერთაშორისო დამკვირვებლებმა, ეუთო/ოდირ-ის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ გაიმეორეს მთავარი გზავნილი, რომელიც მათ ანგარიშს ახლავს. კერძოდ, აღნიშნეს, რომ არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში ყველა იმ ფუნდამენტური პრინციპის დაცვით, რომელიც აუცილებელია ასეთი არჩევნების ჩასატარებლად.

„ვისაუბრეთ არა მარტო მიღწევებზე, არამედ – იმ საკითხებზე, რომელიც აუცილებელია, კიდევ უფრო დაიხვეწოს შემდეგი არჩევნებისთვის. არც დასმულა კითხვა, რამდენად ლეგიტიმური იყო არჩევნები ან იყო თუ არ იყო ლეგიტიმური. ვისაუბრეთ იმ გარემოებებზე, თუ რას შეიძლება, გამოეწვია ოქმებში ესა თუ ის შეცდომა. ვისაუბრეთ იმაზეც, რომ არცერთი არჩევნები არცერთ ქვეყანაში შეცდომის გარეშე არ ტარდება. რამდენად ტექნიკურია ან მოცულობითი ესა თუ ის შეცდომა, ამას უკვე გადაწყვეტს ის შედეგი, რომელსაც ცენტრალური საარჩევნო კომისია დადებს. მნიშვნელოვანია, სრული სურათი დაიდოს. თუ სადმე შეცდომაა, აუცილებლად უნდა გასწორდეს. ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო გზავნილები, მათ შორის, ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციისგან, რომ ვთქვათ, თუ იყო 7 მოსყიდვის ფაქტი დაფიქსირებული, აქედან 5 გახლდათ ოპოზიციის მხრიდან, ხოლო 2 – „ქართული ოცნების” მხრიდან. არის ოქმები, სადაც „ქართული ოცნების” მიმართ იყო შეცდომები დაშვებული. ყველაფერი ერთიან სურათად უნდა ჩამოყალიბდეს, არ შეიძლება – ხარვეზით დარჩეს ესა თუ ის საკითხი. თუ სადმე იქნება რაიმე სახის დანაშაულის ნიშანი გამოვლენილი, აუცილებელია შესაბამისი რეაგირებაც. ყველა ნახავს, რა მაღალი სტანდარტით იქნება ყველაფერი ეს წარმართული”, – განაცხადა კახაბერ კუჭავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები