“მიხეილ სააკაშვილს აქვს ერთადერთი მიზანი, რომ ეს ქვეყანა არიოს, როცა სჭირდებათ, კოვიდი პრობლემა აღარ არის, იქნებ 500 კაცით მეტი მივიდეს აქციაზე”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის განცხადებას.
მისი თქმით, სამწუხაროდ, ქვეყანაში ისეთი ხალხიც არსებობს, რომლებიც ამბობენ, რომ კორონავირუსი საერთოდ არ არის და მათ რიგებს ახლა მიხეილ სააკაშვილიც შეუერთდა.
„როცა უნდათ მიხეილ სააკაშვილსა და მის თანაგუნდელებს, კოვიდი არის უდიდესი პრობლემა, რომელსაც ქვეყანა ვერ უმკლავდება და ამასაც ტყუილს ამბობენ და როცა სჭირდებათ, კოვიდი პრობლემა აღარ არის, რადგან იქნებ 500 კაცით მეტი მივიდეს აქციაზე. ერთადერთი, ეს მიზანი აქვთ – ქვეყნის ასარევად იქნებ ვინმეს არ შეეშინდეს და ცოტა მეტი – რამდენიმე ასეულით მეტი ადამიანი გამოვიდეს აქციაზე, ამიტომ ცდილობს, რომ ეს პრობლემა საერთოდ პრობლემად არ ჩათვალოს და თითქოს კოვიდი საერთოდ არ არსებობს. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ისეთი ხალხიც არსებობს, რომლებიც ამბობენ, რომ კორონავირუსი საერთოდ არ არის და მათ რიგებს შეუერთდა ახლა მიხეილ სააკაშვილი, რომ 300 ან 600 ადამიანით მეტი მივიდეს აქციაზე ქვეყნის ასარევად“, – განაცხადა მდინარაძემ.
ცნობისათვის, მიხეილ სააკაშვილმა მოსახლეობას მოუწოდა, არ შეეშინდეთ და აქციაზე მივიდნენ. მისი თქმით, კორონავირუსი მან თავად გადაიტანა.