გერმანიაში აცხადებენ, რომ აშშ-ში არჩევნებთან დაკავშირებული ვითარება ფეთქებადსაშიშია
გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერი აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.
ამის შესახებ მან გერმანული ტელეარხის – ZDF-ის ეთერში განაცხადა.
“ვითარება ძალიან ფეთქებადსაშიშია. ასეთმა ვითარებამ, როგორც სამართლიანად მას ექსპერტები აფასებენ, შესაძლოა, აშშ-ში საკონსტიტუციო კრიზისი გამოიწვიოს, ასეთი განვითარება კი, ბუნებრივია, მხოლოდ დიდი შეშფოთების საგანი შეიძლება, იყოს”, – თქვა მან.
3 ნოემბერს აშშ-ში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგი ამ დრომდე უცნობია.
ამ წუთის მდგომარეობით, დემოკრატმა კანდიდატმა – ჯო ბაიდენმა ამომრჩეველთა კოლეგიისგან 238 ხმა მიიღო, ხოლო რესპუბლიკური პარტიის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა – 213. კანდიდატს გამარჯვებისთვის ამომრჩეველთა კოლეგიის 270 ხმა სჭირდება.
თუმცა, როგორც ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, გარკვეული ჯგუფები მისი ხმების მოპარვას ცდილობენ და ეს არასდროს მოხდება. ასევე, მან განაცხადა, რომ საკვანძო შტატებში იგებს და ხმების დათვლის შეწყვეტა უკვე შესაძლებელია. ამასთან, არც ის გამორიცხა, რომ შესაძლოა, საკითხში გარკვევა უზენაეს სასამართლოში გაგრძელდეს.
ტრამპის განცხადებას ჯო ბაიდენის შტაბში უპასუხეს და მას “აღმაშფოთებელი” უწოდეს, რადგან, როგორც ბაიდენის წარმომადგენელმა აღნიშნა, არავის აქვს უფლება, ხმების დათვლის შეწყვეტით ამერიკელებს დემოკრატიული უფლებები წაართვან.
როგორც ბაიდენის საარჩევნო კამპანიის მენეჯერმა, ჯენ ო’მელი-დილონმა აღნიშნა, ვერც ბაიდენი და ვერც ტრამპი გადაწყვეტენ არჩევნების ბედს და დემოკრატიული პროცესი ბოლომდე გრძელდება და გაგრძელდება.
ო’მელი-დილონმა ასევე თქვა, რომ თუ ტრამპი პირველი დაიწყებს სასამართლო დავას, დემოკრატებს მობილიზებული ჰყავთ იურისტების გუნდი.