მაია ცქიტიშვილი – ნიკა მელიაზე: პროკურატურამ, რომელიც არის დამოუკიდებელი ორგანო, მიმართა მეორე დამოუკიდებელ ორგანოს – სასამართლოს და მოდით, სასამართლომ გადაწყვიტოს
“პროკურატურამ, რომელიც არის დამოუკიდებელი ორგანო, მიმართა მეორე დამოუკიდებელ ორგანოს – სასამართლოს და მოდით, ამ სასამართლომ მიიღოს გადაწყვეტილება”, – ამის შესახებ ვიცეპრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერთან, ნიკა მელიასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ეს საკითხი დაკავშირებულია სამართალდამცავი და მართლმსაჯულების სისტემასთან.
„ეს არის მთლიანად სამართალდამცავ და მართლმსაჯულების სისტემას მიკუთვნებული საკითხი. პროკურატურამ, რომელიც არის დამოუკიდებელი ორგანო, მიმართა მეორე დამოუკიდებელ ორგანოს – სასამართლოს და მოდით, ამ სასამართლომ გადაწყვიტოს ამ შემთხვევაში, რა უნდა იყოს”, – განაცხადა ცქიტიშვილმა.
გენერალურმა პროკურატურამ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს მიმართა.
შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას 20 ივნისის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო აქვს შეფარდებული. ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას ელექტრონული სამაჯური ეკეთა, რომელიც მან რამდენიმე დღის წინ აქციაზე მოიხსნა.