ირმა ინაშვილი: “პატრიოტთა ალიანსი” უარს ამბობს პარლამენტში შესვლაზე და მოვითხოვთ, რომ “ქართულმა ოცნებამ” ხელახალი არჩევნები დანიშნოს

“საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” საჯაროდ აცხადებს, რომ ჩვენ უარს ვამბობთ გაყალბებული არჩევნების შედეგების აღიარებასა და პარლამენტში შესვლაზე და მოვითხოვთ, რომ “ქართულმა ოცნებამ” ხელახალი არჩევნები დანიშნოს”,- ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პარტია საპროტესტო კამპანიას უწყვეტი აქციების სახით აქტიურად დაიწყებს.

“2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები ტოტალურად და სამარცხვინოდ გაყალბდა. ვფიქრობთ, რომ ჩვენს მოწინააღმდეგეებსაც კი ესმით, რომ “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” ასეთ დაბალ პროცენტს ვერანაირ პირობებში ვერ აიღებდა. უახლოეს დღეებში ჩვენ ყველა საარჩევნო უბნის მიხედვით, დავასახელებთ ბიულეტენების რაოდენობას, რაც ხელისუფლებამ მოგვპარა. საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლის თანახმად, საქართველოს პარლამენტი ლეგიტიმური ვერ იქნება, თუ მასში 100 დეპუტატზე მეტის უფლებამოსილება არ იქნება ცნობილი. დღეს ნათელია, რომ “ქართული ოცნება” ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გაიყვანს პარლამენტში 91 დეპუტატზე მეტს. სრულიად ნათელია, რომ ყველამ თქვა უარი გაყალბებული არჩევნების შედეგების აღიარებასა და პარლამენტში შესვლაზე. “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” ცალსახად და საჯაროდ აცხადებს, რომ ჩვენ უარს ვამბობთ გაყალბებული არჩევნების შედეგების აღიარებასა და პარლამენტში შესვლაზე და მოვითხოვთ, რომ “ქართულმა ოცნებამ” დანიშნოს ხელმეორე არჩევნები. ამასთანავე, ჩვენ ვიწყებთ საპროტესტო კამპანიას. ეს იქნება უწყვეტი ფართომასშტაბიანი აქციები, ვიდრე ხელისუფლება არ დანიშნავს ხელახალ არჩევნებს. 7 ნოემბერს, 16:00 საათზე, ვიკრიბებით თავისუფლების მოედანზე. ჩვენს ყველა მხარდამჭერს მოვუწოდებთ, გადავიდეთ ბრძოლის ახალ ეტაპზე, გადავიდეთ უწყვეტი საპროტესტო აქციების რეჟიმზე, რათა დავიცვათ ჩვენი ხმები, დავიცვათ ქართველი ხალხის არჩევანი და დავიცვათ ქვეყანა უზნეო და უსინდისო გამყალბებლისგან. ამ გზაზე არ იქნება არანაირი დანდობა, ჩვენ, “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” ვმოქმედებთ დამოუკიდებლად, გვაქვს ჩვენი დამოუკიდებელი მოქმედების სტრატეგი და ტაქტიკა”,- განაცხადა ინაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები